პოლიტიკური კრიზისი

კორძაიამ შეთანხმებას ხელი მოაწერა და პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შედის

facebook.com/tamuna.kordzaia

​რესპუბლიკური პარტიის წევრმა, თამარ კორძაიამ ევროკავშირის მედიაციით შემდგარ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, თუმცა პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შედის. კორძაიას თქმით, ოპოზიცია კვლავ ერთიანი უნდა იყოს. 

"ენმ არის დიდი პარტია, მას აქვს კომუნიკაცია საკუთარ ამომრჩეველთან და, რა თქმა უნდა, ის გადაწყვეტილებას იღებს საკუთარი ამომრჩევლისა და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ნიკა მელიამ ისაუბრა იმაზე, რომ ოპოზიცია კვლავ ერთად უნდა იყოს.

ამ ეტაპზე, მე, როგორც დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი, ისე ვიქნები პარლამენტში. [რომელიმე ფრაქციაში გაწევრიანება] დამოკიდებულია იმაზე, როგორი შეთანხმებები იქნება პოლიტიკურ ძალებს შორის და როგორი პოზიცია მექნება მე პერსონალურად". – თქვა კორძაიამ.

31 მაისს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელთან ერთადაც საარჩევნო ბლოკში რესპუბლიკური პარტიაც იმყოფებოდა, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა პარტია ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს. 

დოკუმენტზე ხელი რესპუბლიკური პარტიიდან უკვე მოაწერა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთო პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ბოიკოტი გამოუცხადეს. საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა ევროკავშირის მედიაციით შემდგარი შეთანხმების ნაწილია, თუმცა ენმ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდა მანამ, სანამ პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია საპატიმროს არ დატოვებდა. 

მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას თანხმობით ევროკავშირის ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა ფონდმა, EED-მ გირაო გადაიხადა, ნიკა მელიამ საპატიმრო 10 მაისს დატოვა და თქვა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან კონსულტაციები უნდა გაემართათ.  

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ამ დრომდე ხელს არ აწერს ენმ, თუმცა მას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით ხელი მოაწერეს პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ. დოკუმენტს ხელს ასევე არ აწერენ ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგებით, 2020 წლის საპარლამენტო  არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 27.18% აიღო, რაც 523 127 მოქალაქის ხმაა. პარტიამ მე-10 მოწვევის პარლამენტში 36 მანდატი მოიპოვა.

კომენტარები