ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ნიკა მელია: შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოვაწერთ

ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შედის, თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ თქვა. 

"ევროპული მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ მოვაწერთ. მაგრამ აქვე მინდა, უდიდესი პატივისცემა დავუდასტურო ევროკავშირს, პერსონალურად პრეზიდენტ მიშელს, ბატონ დანიელსონს, აშშ-ის ელჩს, ქალბატონ დეგნანს და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს. არის ამ დოკუმენტში ერთი პუნქტი, რომელიც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მით უმეტეს პოსტ ფაქტუმ, ჩვენს ხელმოწერას ამ დოკუმენტზე ვერ დავსვამთ. თუმცა, რა თქმა უნდა, სხვა საკითხებთან მიმართებაში, ჩვენ თავიდან ბოლომდე ჩავერთვებით საკანონმდებლო საკითხების გადაწყვეტილებაში და ვიბრძოლებთ, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ეს მავნებლობა შევბოჭოთ".- ამბობს ნიკა მელია. 


2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ბოიკოტი გამოუცხადეს. საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა ევროკავშირის მედიაციით შემდგარი შეთანხმების ნაწილია, თუმცა ენმ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდა მანამ, სანამ პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია საპატიმროს არ დატოვებდა. 

მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას თანხმობით ევროკავშირის ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა ფონდმა, EED-მ გირაო გადაიხადა, ნიკა მელიამ საპატიმრო 10 მაისს დატოვა და თქვა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან კონსულტაციები უნდა გაემართათ.  

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ამ დრომდე ხელს არ აწერს ენმ, თუმცა მას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით ხელი მოაწერეს პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ. დოკუმენტს ხელს ასევე არ აწერენ ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგებით, 2020 წლის საპარლამენტო  არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 27.18% აიღო, რაც 523 127 მოქალაქის ხმაა. პარტიამ მე-10 მოწვევის პარლამენტში 36 მანდატი მოიპოვა.

 

კომენტარები