ტურიზმი

ვენა, ვროცლავი, ბუდაპეშტი – Wizzair-ი ივნისიდან ფრენებს კიდევ სამი მიმართულებით აღადგენს

ივნისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბუდაპეშტის, ვროცლავისა და ვენის მიმართულებებით პირდაპირი რეგულარული რეისები განახლდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 19 ივნისიდან ავიაკომპანია Wizzair-ი ბუდაპეშტი-ქუთაისი-ბუდაპეშტის რეისებს კვირაში ორჯერ შეასრულებს.

26 ივნისიდან, Wizzair-ი ქუთაისიდან ვროცლავის მიმართულებით იფრენს კვირაში ორჯერ, ხოლო 29 ივნისიდან - ვენა-ქუთაისი-ვენის საჰაერო ხაზზე.

უნგრული დაბალბიუჯეტიანი კომპანია ამ ეტაპზე ფრენებს ქუთაისიდან ვარშავის, რიგის, ვილნიუსის, დორტმუნდის და კატოვიცეს მიმართულებით ასრულებს. 30 მაისიდან, ანუ ხვალიდან, ამ ჩამონათვალს ქუთაისი-გდანსკიც დაემატება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Wizzair-ს ფრენის ნებართვა ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე 21-ვე მოთხოვნილ მიმართულებაზე მისცეს. ესენია: აბუ დაბი, ბერლინი, ბუდაპეშტი, ვენა, ვროცლავი, გდანსკი, დორტმუნდი, კატოვიცე, კრაკოვი, მემინგენი, მილანი, პრაღა, ტალინი, სალონიკი, პოზნანი, რიგა, რომი.

"თუმცა, ფაქტობრივად, ამ მიმართულებებზე რეგულარული რეისების დაწყება/განახლება დამოკიდებული იქნება ავიაკომპანიის გადაწყვეტილებაზე - დანიშნულების ქვეყნებში დაწესებული სასაზღვრო და სანიტარიული შეზღუდვების გათვალისწინებით". - აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

Wizzair-ს საქართველოში ფრენები წელიწადზე მეტ ხანს ჰქონდა შეწყვეტილი. მაშინ, როცა ქვეყანა მწვანე ზონაში იყო, ავიაკომპანიას საქართველოს მთავრობა არ აძლევდა ფრენის უფლებას და აცხადებდა, რომ ქვეყანა ამისთვის მზად არ იყო. 

საქართველო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ფრენის უფლების მისაცემად მზად მხოლოდ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ქვეყანაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1000-ს გადააჭარბა, ხოლო იმ ქვეყნებმა, სადაც საქართველოს მოქალაქეს უპირობოდ შეეძლო შესვლა, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, "არააუცილებელი მიზნით" მოგზაურ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტა.

ავიაკომპანია Wizzair-მა ქუთაისი-რიგის რეისები ოქტომბერში რამდენიმე კვირით განაახლა, ხოლო დორტმუნდის მიმართულებით, მხოლოდ 3 რეისი შეასრულა საახალწლო პერიოდში.

რაც შეეხება Ryanair-ს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ნოემბრიდან მილანის მიმართულებით ფრენის უფლება მისცა, ავიაკომპანიას რეისები არ განუახლებია. მეტიც, რამდენიმე თვეა, ავიაკომპანიის ბაზაში საქართველოს მიმართულებით არც ერთი რეისი არ იძებნება. თბილისი-მილანი, თბილისი-კიოლნი, ქუთაისი-ბოლონია და ქუთაისი-მარსელი - ამ ფრენებს ასრულებდა Ryanair-ი პანდემიამდე. ტაბულას ავიაკომპანიაში დაუდასტურეს, რომ კომერციული მიზეზების გამო, 2021 წელს საქართველოში ფრენებს არ განაახლებენ.

კომენტარები