26 მაისი

ევროკავშირის და აშშ-ს საელჩოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ (Video)

ამერიკის და ევროკავშირის საელჩოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

აშშ-ს საელჩომ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ელჩი და საელჩოს თანამშრომლები საქართველოსა და 26 მაისზე საუბრობენ.

ევროკავშირის საელჩოს განცხადებით კი საქართველოსთვის მჭიდრო კავშირი და პარტნიორობა საამაყოა.

"საქართველოს და ყველა მის მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ. ევროკავშირისთვის საქართველოსთან მჭიდრო კავშირი და პარტნიორობა საამაყოა. ერთობლივი მუშაობა საქართველოს მეტი ძლიერების, დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობისთვის გრძელდება". – ნათქვამია განცხადებაში.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საბჭოთა ოკუპაციისა და ანექსიის გამო არსებობა არასრული 3 წლის თავზე შეწყვიტა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ქვეყანაში ეროვნული მოძრაობა გაძლიერდა. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო იძულებული გახდა, 1921 წლის 25 თებერვლის გასაბჭოების აქტი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციად ეცნო, მოგვიანებით, კი უზენაესი საბჭოს არჩევნებიც დაენიშნა. არჩევნები 1990 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა და პარტიამ "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო" ზვიად გამსახურდიას მეთაურობით გაიმარჯვა.

1991 წლის 31 მარტს უზენაესმა საბჭომ ჩაატარა საყოველთაო რეფერენდუმი შემდეგი კითხვით:

"თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?"

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოსახლეობის 90,3%-მა. მონაწილეთა 98.9%-მა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. 1991 წელის 9 აპრილს, რეფერენდუმის საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. იმავე წლის 26 მაისს კი, საქართველომ პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია აირჩია.

კომენტარები