ნამახვანჰესი

თურნავა გადადგომაზე: წამითაც რომ ეჭვი მეპარებოდეს, პროექტი სტრატეგიულია, აქ არ ვიდგებოდი

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნებს ეხმაურება, რომელთა შორისაც ერთ-ერთი მისი გადადგომაცაა. თურნავას თქმით, წამითაც რომ ეპარებოდეს ეჭვი, ენერგოპროექტები ქვეყნისთვის სტრატეგიულია, ის "აქ არ იდგებოდა". თურნავა მისი გადადგომის მოთხოვნის შესახებ ჟურნალისტების კითხვას ღიმილით შეხვდა. 

"რაც შეეხება მათ მოთხოვნებს და ჩემს გადადგომას, შემიძლია, ერთი რამ ვთქვა, მე რომ ერთი წამითაც ეჭვი მეპარებოდეს და არ ვიყო დარწმუნებული, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე და ეს პროექტი, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი გენერაციის პროექტები, ძალიან სტრატეგიულია ჩვენთვის, მე აქ, თქვენ წინაშე არ ვიდგებოდი და არანაირი დამატებით მოწოდება არ დამჭირდებოდა. დარწმუნებულები ვართ, ერთად უნდა ვაშენოთ ძლიერი ენერგეტიკული სისტემა, ერთად უნდა ვაშენოთ ისეთი სისტემა, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და რომელიც იქნება ჩვენი დამოუკიდებელი ეკონომიკის და სუვერენიტეტის განმტკიცების საფუძველი.

ნამახვანჰესი როგორც ერთ-ერთი კარგად მოკვლეული, სრულყოფილი პროექტი, იქნება ამ სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენატანი, ამიტომაც ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენი გეგმა არის იგივე, რაც იყო, მხოლოდ და მხოლოდ დიალოგი, მხოლოდ და მხოლოდ კომუნიკაცია, მაგრამ კომუნიკაცია უნდა მოხდეს სწორ ფორმატში ექსპერტების ჩართულობით, მეცნიერების ჩართულობით. შეუძლებელია, ქუჩის რეჟიმში ვისაუბროთ სეისმიკაზე, გეოლოგიაზე და ჰინდრონაგებობების მდგრადობაზე". – თქვა თურნავამ


მეორე დღეა, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია იმართება. საპროტესტო აქცია გუშინ, 23 მაისს დაიწყო. პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა  ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დრო 24 მაისს 12:00 საათამდე მისცა.

მთავარ მოთხოვნებს შორის არის ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება:

  • კომპანია ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა და გაწყდეს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ. გაწყდეს ყველა ხელშეკრულება, რომელიც კომპანია ენკაზე ნამოხვანჰესთან დაკავშირებით 2015 წლის შემდეგ დაიდო.
  • გამოცხადდეს მორატორიუმი, რათა მოსახლეობის აზრი ენერგოსექტორის განვითარებასთან დაკავშირებით იყოს გათვალისწინებული. გოლეთიანის განმარტებით, მორატორიუმი საჭიროა, რათა შესაძლებელი იყოს საერთაშორისო პრაქტიკის და მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით.
  • აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისთვის

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ. 23 მაისს პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

კომენტარები