ნამახვანჰესი

გოლეთიანი: ღარიბაშვილის შეფასება, თითქოს 90-იანებში დაბრუნება გვინდა, არაადეკვატურია

ვარლამ გოლეთიანი
ტაბულა

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, პრემიერის გაცხადებები ბოლო პერიოდში აცდენილია  და  აქციის 90-იან წლებთან შედარება არაადეკვატურია.

"საკითხების ასე განხილვა, რომ ჩვენ ვართ ვაიპატრიოტები და ჩვენ არ გვინდა ქვეყნის განვითარება ან გვინდა 90-იანებში დაბრუნება, არაადეკვატური შეფასებაა და ამაზე ჩვენს საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება". - ამბობს გოლეთიანი. 

ამასთან ერთად, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ "ვაიპატრიოტიზმის" კონტექსტში ხელისუფლება უნდა განიხილებოდეს, ვინაიდან ის ყიდის მიწებს და ასხვისებს რესურსებს.

"ვაიპატრიორტიზმის კონტექსტში ხელისუფლება უნდა  განვიხილოთ, რადგან ხეობას ხელისუფლება ყიდის, რესურსებს ხელისუფლება ასხვისებს, უგულებელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

ჩვენ ამ ყველაფერს ვიცავთ იმ ფონზე, როცა ჩვენ მიმართ აგორებულია დიდი შავი პიარკამპანია, რასაც ხელისუფლება უდგას სათავეში და ასპონსორებენ ასობით ფეისბუქ გვერდს, რომელიც ჩვენს გაშავებაზე მუშაობს, ვისი ფულია ეს ნამდვილად გასარკვევია და ფაქტია, რომ ხელისუფლების ფულია". - ამბობს ვარლამ გოლეთიანი

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს მიმართა: "რაც შეეხება ულტიმატუმის ენით საუბარს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ულტიმატუმით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი".

გუშინ, 23 მაისს რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სადაც პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა  ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დრო 24 მაისს 12:00 საათამდე მისცა.

მთავარ მოთხოვნებს შორის არის ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება:

  • კომპანია ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა და გაწყდეს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ. გაწყდეს ყველა ხელშეკრულება, რომელიც კომპანია ენკაზე ნამოხვანჰესთან დაკავშირებით 2015 წლის შემდეგ დაიდო.
  • გამოცხადდეს მორატორიუმი, რათა მოსახლეობის აზრი ენერგოსექტორის განვითარებასთან დაკავშირებით იყოს გათვალისწინებული. გოლეთიანის განმარტებით, მორატორიუმი საჭიროა, რათა შესაძლებელი იყოს საერთაშორისო პრაქტიკის და მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით.
  • აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი ნამახავნჰესის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისთვის

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ. 23 მაისს პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

კომენტარები