ნამახვანჰესი

ღარიბაშვილი ნამახვანის მოწინააღმდეგეებზე: მოუხმონ გონიერებას, სახელმწიფო იმართება კანონით

"ულტიმატუმის ენით საუბარი არის კატეგორიულად მიუღებელი, მინდა, ყველა ამ ადამიანს მივმართო და მოვუხმო გონიერებისკენ, სახელმწიფო იმართება კანონით და კონსტიტუციის ფარგლებში". - საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს მიმართავს. 

მისი თქმით, თუ კანონის ფარგლებს მიღმა გადავლენ, სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება ექნება. 

მისივე თქმით, მაისის ბოლოს შეხვდება პროექტის ინვესტორს, კომპანიის დამფუძნებელსა და მფლობელს, რომელთანაც გაარკვევს დეტალურ საკითხებს.

"ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ეს მზაობა იყო, არის და იქნება, გაგრძელდება მზაობა ჩვენი მხრიდან. ასევე შევთავაზეთ პროტესტის მონაწილეებს შესაფერისი დიალოგის ფორმატი. არაერთი მცდელობა გაკეთდა ჩვენი მხრიდან, ჩემი პირადი წარმომადგენელი ჩავრთე და გუბერნატორი, მთელი სამინისტროები იყვნენ ჩართული და არიან ჩართული. ამას გარდა, შეგახსენებთ, რომ მოვიწვიეთ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის ამ პროექტის ყველა ნიუანსსა და დეტალს, გარემოს ზემოქმედების ეფექტებს. ასევე დავავალე იუსტიციის სამინისტროს, რომ კიდევ ერთხელ შეისწავლონ, დამოუკიდებელი იურიდიული კომპანიის მიერ მოხდეს შესწავლა აღნიშნული პროექტის შესაბამისობა საერთაშორისო პრაქტიკასთან მიმართებით.

აქედან გამომდინარე, კითხვები არ უნდა არსებობდეს. მინდა გითხრათ, რომ თვის ბოლოს ვხვდები ინვესტორს, კომპანიის დამფუძნებელსა და მფლობელს, რომელიც ეწვევა თბილისს. მე თავად ვარ ჩართული და მსურს გავერკვიო დეტალურად, რომ რაიმე საწინააღმდეგო არ იყოს ამ ხელშეკრულებაში.

რაც შეეხება ულტიმატუმის ენით საუბარს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ულტიმატუმით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი. კარგად გვახსოვს, ის ბნელი პერიოდი, როცა ამ რაღაც ვითომ პატრიოტიზმით ეგიდით და საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო „ძალიან კარგი სპეციალისტი“ ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ა.შ. შედეგად რაც მივიღეთ, კარგად მოგეხსენებათ. მივიღეთ სამოქალაქო ომი, დავანგრიეთ ჩვენ თვითონ ქვეყანა, დავშალეთ ქარხნები, ფაბრიკები და მთლიანად ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციაც სწორედ იმ დროინდელი პოლიტიკის შედეგია. დავკარგეთ მიწა-წყალი. აქედან გამომდინარე, მინდა, ყველა ამ ადამიანს მივმართო და მოვუხმო გონიერებისკენ. სახელმწიფო იმართება კანონით და კონსტიტუციის ფარგლებში. ვინც გადავა კანონის ფარგლებს მიღმა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება". - ამბობს ღარიბაშვილი. 


რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ. 23 მაისს პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

კომენტარები