ნამახვანჰესი

კუჭავა ნამახვანის მოწინააღმდეგეებს: არ არის სწორი ულტიმატუმების ენით საუბარი

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, არ არის სწორი ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მხრიდან ულტიმატუმებით საუბარი.

"არ არის სწორი ულტიმატუმების ენით საუბარი და ეს, ნამდვილად, არ წაადგება საქმეს. მე არ ვიცი ამ საქმეში კონკრეტულად ვინ არის ჩართული და რამდენად არის კომუნიკაცია 12 საათამდე იქნება ეს მანამდე თუ მერე, ფაქტი ერთია, სანამ ბრიუსელში წავიდოდი, დარგობრივი ეკონომიკის თავმჯდომარესთან გვქონდა საუბარი იმ საკთხებთან დაკავშირებით რომ ერთხელ და სამუდამოდ, საკანონმდებლო დონეზე და პოლიტიკის დონეზე იქნას შემუშავებული ის კონცეფცია, ის დოკუმენტი, რომელიც სახელმძღვანელო იქნება თუ რა პოლიტიკას ვატარებთ ჩვენ  ენერგოდამოუკიდებლობის შენარჩუნების კუთხით, რომელიც არ იქნება გარემოზე ზედმეტი ზიანის მიყენების ხარჯზე განხორციელებული". - ამბობს კახა კუჭავა

გუშინ, 23 მაისს რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სადაც პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა  ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დრო 24 მაისს 12:00 საათამდე მისცა.

მთავარ მოთხოვნებს შორის არის ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება:

  • კომპანია ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა და გაწყდეს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ. გაწყდეს ყველა ხელშეკრულება, რომელიც კომპანია ენკაზე ნამოხავნჰესთან დაკავშირებით 2015 წლის შემდეგ დაიდო.
  • გამოცხადდეს მორატორიუმი, რათა მოსახლეობის აზრი ენერგოსექტორის განვითარებასთან დაკავშირებით იყოს გათვალისწინებული. გოლეთიანის განმარტებით, მორატორიუმი საჭიროა, რათა შესაძლებელი იყოს საერთაშორისო პრაქტიკის და მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით.
  • აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი ნამახავნჰესის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისთვის

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ. 23 მაისს პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

კომენტარები