დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ბაიდენი: ვლოცულობ, რომ ისრაელი-ჰამასის შეთანხმება შენარჩუნდეს, ნეთანიაჰუ სიტყვას არ ტეხს

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-ს დემოკრატიული პარტია ისრაელს კვლავ მხარს უჭერს და ის ლოცულობს, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შენარჩუნდეს

ჯო ბაიდენმა თქვა, რომ პალესტინელებმა ისრაელის არსებობა უნდა ცნონ. 

"მოდით, აქ პირდაპირ ვთქვათ: მანამდე, სანამ რეგიონი ერთმნიშვნელოვნად არ აღიარებს ისრაელის, როგორც დამოუკიდებელი ებრაული სახელმწიფოს, არსებობის უფლებას, მშვიდობა არ იქნება". - თქვა ბაიდენმა. 

მან უარი თქვა ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართული ბოლო სატელეფონო საუბარი განეხილა, თუმცა მას სჯერა, რომ ისრაელის ლიდერი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაიცავს. 

"მე ვლოცულობ, რომ ცეცხლის შეწყვეტის ეს შეთანხმება შენარჩუნდეს. როდესაც ბიბი ნეთანიაჰუ სიტყვას მაძლევს, მე მას ვენდობი. მას ჩემთან არასდროს გაუტეხავს სიტყვა". - თქვა ბაიდენმა. 

თეთრ სახლში პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ სხვა ქვეყნებთან ერთად ღაზის აღდგენისთვის დახმარებას გამოყოფს.

ბაიდენი თქმით, რეგიონში დახმარება პალესტინის ოფიციალურ პირებთან შეთანხმდება, რათა დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჰამასი სამხედრო არსენალს კვლავ არ გააძლიერებს.

ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

10 მაისიდან ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო. ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს შორის 11-დღიანი დაძაბულობა  21 მაისს შეჩერდა. კონფლიქტს 248 ადამიანი ემსხვერპლა, 1 900 დაშავდა. ჰამასის და ისლამისტური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

კომენტარები