დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისი: ეგვიპტის მედიატორობით, ცეცხლი ორმხრივად შეწყდება

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ნასროლი რაკეტა, 2021 წელი, 10 მაისი
The Times of Israel

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლი ორმხრივად შეწყდება.

მათივე ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

10 მაისიდან ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" ჰაერში უვნებელყო. ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში მინიმუმ 197 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 47 ბავშვი. ისრაელში დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის - 2 ბავშვი. ჰამასის და ისლამისტური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები