Nord Stream 2

აშშ NORD STREAM 2 AG-ს დირექტორს სანქციებს ეროვნული ინტერესების გამო არ უწესებს

Maxim Shemetov / Reuters

აშშ Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტზე მომუშავე კომპანიის, Nord Stream 2 AG-ს აღმასრულებელ დირექტორს, გერმანიის მოქალაქე მათიას ვარნიგს სანქციებს არ დაუწესებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მათიას ვარნიგი, რომელიც პუტინის მოკავშირედ ითვლება და აღმოსავლეთ გერმანიის სადაზვერვო სამსახურის მეთაური იყო, საკუთარი ქმედებებიდან გამომდინარე სანქცირებულთა სიაში უნდა იყოს. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ ვარნიგს სანქციებს ეროვნული ინტერესების გამო არ დაუწესებს. 

გაზსადენი, რომელიც ბალტიის ზღვის გავლით რუსეთსა და გერმანიას დააკავშირებს, 95%-ით დასრულებულია. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა 4 რუსულ გემს, რომლებიც გაზსადენის მშენებლობაზე მუშაობენ, მაგრამ კრიტიკოსების თქმით, ეს პროექტის შესაჩერებლად საკმარისი არ იქნება. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ გაზსადენზე მომუშავე კომპანიას სანქციებს არ დაუწესებს, ჯერ კიდევ წინა დღეებში გაავრცელა Axios-მა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა აშშ-ს ამ ნაბიჯს კონსტრუქციული უწოდა და თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციასთან დამყარებული კარგი ურთიერთობის შედეგია.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ ისინი გაზსადენის გეგმის განხორციელების წინააღმდეგები არიან. 

გასულ თვეებში ბაიდენი და ბლინკენი აქტიურად აღნიშნავდნენ, რომ Nord Stream 2-ის პროექტი საფრთხეს უქმნის ევროპის ენერგოპოლიტიკასა და უკრაინა-პოლონეთის ეკონომიკურ-სტრატეგიულ მდგომარეობას. 

"ეს პროექტი არღვევს ევროკავშირის ენერგოპოლიტიკის პრინციპებს, საფრთხეს უქმნის უკრაინასა და პოლონეთის ეკონომიკურ და სტრატეგიულ მდგომარეობას. ბაიდენი ეწინააღმდეგება ამ პროექტს" – თქვა ენტონი ბლინკენმა 2021 წლის მარტში.

 

კომენტარები