Nord Stream 2

Axios: ბაიდენი Nord Stream 2-ის ხელმძღვანელ კომპანიაზე სანქციების დაწესებაზე უარს იტყვის

Maxim Shemetov / Reuters

ბაიდენის ადმინისტრაცია უარს იტყვის სანქციების დაწესებაზე კორპორაციულ კომპანიასა და აღმასრულებელ დირექტორზე, რომლებიც გერმანიაში რუსეთის Nord Stream 2-ის მილსადენის მშენებლობას ხელმძღვანელობენ. ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ამავდროულად, სახელმწიფო დეპარტამენტი სავალდებულო ანგარიშს გაუგზავნის კონგრესს, სადაც ჩამოწერილი იქნება Nord Stream 2-ში ჩართული ის კომპანიები, რომლებსაც სანქციები უნდა შეეხოთ. ამ საქმეში გათვითცნობიერებული წყაროების თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს, რომ სანქციები რუსულ გემებს დაუწესოს. 

ამრიგად, წყაროების თანახმად, სანქციებს დაუწესებენ მილსადენის მშენებლობაში ჩართულ გემებს, მაგრამ უარს იტყვიან სანქციების დაწესებაზე იმ კომპანიაზე, რომელიც პროექტს ხელმძღვანელობს.

როგორც Axios წყაროზე დაყრდნობით წერს, სახელმწიფო დეპარტამენტი იტყვის, რომ კორპორაციული კომპანია, რომელიც Nord Stream 2-ს ხელმძღვანელობს და მისი აღმასრულებელი დირექტორი, პუტინის კრონი და აღმოსავლეთ გერმანიიდან ყოფილი სადაზვერვო სამსახურის ოფიცერი, მატიას ვარინგი, იმგვარ საქმიანობას ეწევიან, რის გამოც მათ სანქციები უნდა შეეხოთ. თუმცა, აშშ-ს ეროვნული ინტერესების საფუძველზე სახელმწიფო დეპარტამენტი უარს იტყვის ამ სანქციების გამოყენებაზე.

ენტონი ბლინკენმა სენატში მოსმენაზე თქვა, რომ Nord Stream 2-ზე ის მზადაა, გააკეთოს ყველაფერი რისი გაკეთებაც შეუძლიათ, რათა თავიდან აირიდონ მილსადენის დასრულება. 

სახელმწიფო დეპარტამენტში Axios-ს უთხრეს,  რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ Nord Stream 2-ში მონაწილე კომპანიებს, შესაძლოა, სანქციები დაუწესდეთ და აშშ კვლავ ხაზს გაუსვამს ქვეყნის "ძლიერ, ორპარტიულ წინააღმდეგობას ამ რუსული მავნე გავლენის წინააღმდეგ".

სახელმწიფო დეპარტამენტი არ ადასტურებს სანქციების შესაძლო გაჩერებას ან სხვა დეტალს. 

Axios-ის წყარო განმარტავს, რომ სანქციების ნებისმიერი შეჩერება, შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოიხსნას. წყაროების თქმით, სანქციების დადება და შემდეგ მასზე უარის თქმა მასზე ბერკეტს ქმნის, კომპანიას ეცოდინება, რომ აშშ-ს მათი აღდგენა ნებისმიერ დროს შეეძლება. მათ ისიც აღნიშნეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანია, რომ მილსადენი არ ამოქმედდეს.

გაზპრომის გაზსადენი Nord Stream 2 ბალტიის ზღვის ფსკერზე გაზსადენის ორი ჯაჭვის მშენებლობას ითვალისწინებს, რომლის ჯამური სიგრძეც 1 200 კილომეტრს, ხოლო სიმძლავრე წელიწადში 55 მილიარდ კუბურ მეტრს აღემატება. ამ გაზსადენით გერმანია მიიღებს რუსულ გაზს ფინეთის, შვედეთისა და დანიის ტერიტორიული წყლების გავლით. 

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, გაზსადენი ექსპლუატაციაში 2019 წელს უნდა შესულიყო, თუმცა ამას ხელი შეუშალა ამერიკულმა სანქციებმა, რის შემდეგაც სამუშაოების წარმმართველმა შვეიცარიულმა კომპანია AllSeas-მა პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა. 

აქედან ერთი წლის შემდეგ პროექტზე მუშაობა რუსულმა ხომალდებმა გააგრძელეს, ამ დროისთვის რამდენიმე რუსული სპეციალური გემის მეშვეობით უკვე გაყვანილია 2.6 კილომეტრი სიგრძის გაზსადენი.

აშშ გაზსადენის წინააღმდეგია. პირველ იანვარს კონგრესმა პრეზიდენტის ვეტო დასძლია და 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტი მიიღო, რომელიც გაზსადენის მშენებლობისა და ექსპლოატაციაში ჩაშვების ყველა ეტაპზე მონაწილე ნებისმიერი კომპანიისთვის მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს. მათ შორის ამერიკული სანქციები ემუქრება კომპანიებს, რომლებიც პროექტის დაზღვევასა და სერტიფიცირებას მოინდომებენ.

კომენტარები