დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

Haaretz: ისრაელი-ჰამასის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი, შესაძლოა, 20 მაისს დაიდოს

სურათის უკანა ხედზე ჩანს, როგორ ანეტირალებს რკინის გუმბათის (მარცხნივ) ჰამასის ნასროლ რაკეტებს (მარჯვნივ). წინა ფონზე, მარჯვნიდან, ჩანს ჰამასის მიერ ნასროლი რაკეტების ახალი ტალღა.  16 მაისი, 2021
ANAS BABA / AFP

Haaretz ისრაელის მაღალი რანგის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ყოველგვარი მოულოდნელი განვითარებების გამოკლებით, ისრაელსა და ღაზის სექტორის ტერორისტულ ორგანიზაციებს შორის ცეცხლის შეწყვეტა 20 მაისს ამოქმედდება. 

"არანაირი გადამწყვეტი შედეგი არ არის და არც იქნება... ყველანი დაღლილები ვართ". – თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

The Times of Israel წერს, რომ სხვადასხვა ებრაული მედია მეტწილად წყაროებზე დაყრდნობის გარეშე გადმოსცემს, რომ ცეცხლის შეწყვეტა 2-3 დღეში მოსალოდნელია. ამავდროულად, ასევე ციტირებენ ანონიმურ "დიპლომატიურ წყაროს", რომ შეთანხმება ან ისრაელისგან მზაობა არ არის. 

Channel 12 დეტალების დაზუსტების გარეშე წერს, რომ პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვაშინგტონს შეატყობინა, რომ ის მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის. 

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ეგვიპტე ზავის დადების შემოთავაზებით გამოვიდა და ჰამასი ამას დათანხმდა.

ამავდროულად, ჰამასის წარმომადგენელი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თანხმობაზე ცნობებს უარყოფს. მისი თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება. 

ამჟამად აშდოდში გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, უკვე მე-9 ღამეა, რაც ისრაელის მიმართულებით რაკეტებს ისვრიან. 

18 მაისს ისრაელის თვითმფრინავმა ისლამისტური ჯიჰადის ტერორისტულ რაზმს დაარტყა, მაშინ, როდესაც ისრაელის წინააღმდეგ რაკეტების გასაშვებად ემზადებოდნენ. 

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში ასევე გაანადგურეს 9 მიწისქვეშა და მიწისზედა რაკეტის გამშვები პუნქტები. 

ისრაელის თავდაცვის ძალებმა დააანონსა, რომ ღამით ჰამასის მიწისქვეშა სამალავების ახალ ადგილებს დაარტყამს. ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც ღაზის სექტორიდან ტერორისტებმა ეშკოლის რეგიონი მიზანში ამოიღეს, რასაც ორი ტაილანდელი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის მიმდინარე დაძაბულობის ფონზე ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, სატელეფონო საუბარში აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ცეცხლის შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ მხარს უჭერს ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის კონფლიქტის დეესკალაციას. 

10 მაისიდან ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო. ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში მინიმუმ 197 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 47 ბავშვი. ისრაელში დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის - 2 ბავშვი. ჰამასის და ისლამისტური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

16 მაისს ბენიამინ ნეთანიაჰუმ, თქვა, რომ ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშის მიტანას გააგრძელებს მანამდე, სანამ საჭირო იქნება.

გაეროს უშიშროების საბჭოზე აშშ-ს ელჩმა, ლინდა ტომას გრინფილდმა, თქვა, რომ აშშ დიპლომატიური არხებით დაუღალავად მუშაობს, რათა კონფლიქტი დასრულდეს.

15 მაისს The Times of Israel დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ანონიმურად წერდა, რომ ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს შორის შეთანხმება, შესაძლოა, რამდენიმე დღეში შედგეს.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს. 

კომენტარები