დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

გასულ კვირას ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3 100 რაკეტა ისროლეს

ღაზის სექტორიდან გაშვებული რაკეტები (მარცხნივ) და ისრაელის "რკინის გუმბათის" სისტემის მიერ მათი განეიტრალება (მარჯვნივ).

გასული ერთი კვირის განმავლობაში ჰამასმა და ისლამისტურმა ჯიჰადმა ისრაელის მიმართულებით 3 100 რაკეტა ისროლა. 

"ისრაელის ისტორიაში ეს არის სარაკეტო თავდასხმის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი. ეს საფრთხე რეალურია. მილიონობით ისრაელელი თავდასხმის ქვეშ ცხოვრობს. თავის დაცვას გავაგრძელებთ". – წერს ისრაელის თავდაცვის ძალები. 

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 16 მაისს დილის 7 საათიდან საღამოს 19 საათამდე ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 190 რაკეტა ისროლეს. აქედან დაახლოებით 20 ღაზას სექტორში ჩამოვარდა, ისრაელის რკინის გუმბათის სისტემამ ათეულობით რაკეტა გაანეიტრალა.

თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორში მათ ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაარტყეს. მათი თქმით, შენობას სამხედრო მიზნებისთვის იყენებდნენ. სხვა დეტალი არ გავრცელებულა.

ქვეყნის თავდაცვის ძალებმა ისალამისტური ჯიჰადის მიწისქვეშა რაკეტების გამშვებ პუნქტს, ჰამასის პუნქტს და ასევე ჰამასის იარაღის საწყობს დაარტყეს.

გაეროს უშიშროების საბჭოზე აშშ-ს ელჩმა, ლინდა ტომას გრინფილდმა, თქვა, რომ აშშ დიპლომატიური არხებით დაუღალავად მუშაობს, რათა კონფლიქტი დასრულდეს.

მისივე თქმით, აშშ-მ მხარეებისთვის ნათელი გახადა, რომ დახმარებისთვის მზად არიან იმ შემთხევაში თუ მხარეები ცეცხლის შეწყვეტას ესწრაფვიან "რადგან გვჯერა, რომ ისრაელელებსა და პალესტინელებს უსაფრთხოდ ცხოვრების თანაბარი უფლება აქვთ".

ელჩმა ჰამასს მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რაკეტების გაშვება ისრაელის მიმართულებით. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, თქვა, რომ ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშის მიტანას გააგრძელებს მანამდე, სანამ საჭირო იქნება.

15 მაისს The Times of Israel დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ანონიმურად წერდა, რომ ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს შორის შეთანხმება, შესაძლოა, რამდენიმე დღეში შედგეს.

ღაზის სექტორში, სულ მცირე, 148 ადამიანი დაიღუპა და ასობით ადამიანი დაშავდა, პალესტინური მხარის ცნობით დაღუპულთა შორის 41 ბავშვია. ისრაელის ცნობით, დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის - 2 ბავშვი. ჰამასის და ისლამისტური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები