პოლიტიკური კრიზისი

ოხანაშვილი: გარანტირებული იქნება, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციიდან იყოს

პარლამენტი

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ქართული ოცნებისა და პარლამენტში შესული ოპოზიციის სამუშაო შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი იქნება, თუმცა თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის შემსრულებელი პროფესიული ნიშნით უნდა იყოს შერჩეული. 

"შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები რაც არის, ქართული ოცნება რჩება ერთგული ამ შეთანხმების. საუბარია, რომ ოპოზიციურ პარტიებს უნდა ჰყავდეთ მოადგილე [ცესკოს თავმჯდომარის], ეს იქნება გარანტირებული. მოვალეობის შემსრულებელი ვინ უნდა იყოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, უნდა იყოს პროფესიული ნიშნით შერჩეული. ეს კრიტერიუმები ისევ ძალაშია, ვფიქრობთ, რომ დავტოვებთ ისევ ძალაში და არ იქნება ამასთან დაკავშირებით რაიმე ტიპის სპეკულაციები. დანარჩენ საკითხებს გადავიტანთ საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში". – თქვა ოხანაშვილმა.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ორშაბათს, 17 მაისსაც გაიმართება.

ამბიციური საარჩევნო რეფორმა ევროკავშირის მედიაციით შედგენილი შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტია. დოკუმენტის თანახმად, ყველა საჭირო ცვლილება დროულად უნდა იყოს მიღებული პარლამენტის მიერ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. შეთანხმების დოკუმენტის საარჩევნო რეფორმის ნაწილში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით წერია: 

ცენტრალური საარჩევნო კომისია: 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრი. პროფესიული წევრები აირჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ით. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები (ISFED) მიიჩნევს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი სათანადოდ დასაბუთებული არ არის და აჩენს განცდას, რომ რეორგანიზაცია ნაჩქარევად მიმდინარეობს. 


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

კომენტარები