დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

საელჩო: ქალაქ ლოდში ცხადდება კომენდანტის საათი, ჯარი გამოიყენებს ყველაზე მკაცრ ზომებს

ლოდი, ისრაელი. 11 მაისი, 2021
AP Photo/Heidi Levine

საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს აფრთხილებს. მათი ცნობით, ქალაქ ლოდში 20:00 საათიდან ცხადდება სრული ჩაკეტვა - კომენდანტის საათი.

" არ გახვიდეთ ქუჩაში. საჯარისო დანაყოფები გამოიყენებენ ყველაზე მკაცრ ზომები". - აცხადებს საელჩო.

მათივე ცნობით, 18:00 სთ-დან შესაძლებელია დაიწყოს სარაკეტო შეტევა ისრაელის ცენტრის მიმართულებით.

"აშკელონი; აშდოთი; ბეერ-შევა; შდეროთის გარდა, საფრთხის ქვეშაა იავნე, გადერა, ხოლონი, ბათ იამი, რიშონ ლეციონი, თელ ავივი, ბნეი ბრაკი, გივატაიმი, რამათ განი, რამათ ავივი, ლოდი, რამლე, ჰერცელია, კფარ შმარიაჰუ.

გთხოვთ, დაბრუნდეთ საცხოვრებელ ადგილებში.

თავი შეიკავეთ ღია სივრცეში ყოფნისგან;

განგაშის დროს შედით თავშესაფარში ან საცხოვრებელი შენობის კიბის უჯრედში.

გაუფრთხილდით თავს" - წერია საელჩოს განცხადებაში.

სარაკეტო თავდასხმის პარალელურად,  გრძელდება შეტაკებები ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის. დემონსტრაციები იერუსალიმის გარდა, ტარდება ქალაქ ლოდშიც, სადაც მოვლენებს ერთი არაბი ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა. დემონსტრანტები ლოდში ებრაელთა სახლებს მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესვრიან. 

ისრაელში ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ბრძოლა რამდენიმე დღეს გაგრძელდება და ისინი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავენ.

დაძაბულობა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას მოჰყვა. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარას რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები