პოლიტიკური კრიზისი

როგორ გავუმკლავდეთ ტყვეებით ვაჭრობას? – ჩერგოლეიშვილი დანიელსონსა და ევროპარლამენტარებს

ფონდ ღია საზოგადოების ორგანიზებით, 12 მაისს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისისა და შეთანხმებული დოკუმენტის შესახებ დისკუსია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ევროპარლამენტარები, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი და სამოქალაქო საზოგადოების წევრების. 

ტაბულას მთავარმა რედაქტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ევროპარლამენტარებსა და დანიელსონს ჰკითხა, როგორ ხედავენ საქართველოს დემოკრატიის განვითარების გზას იმ პირობებში, როდესაც ამომრჩეველთა ნაწილმა პროცესისადმი ნდობა დაკარგა, სამთავრობო გუნდის ლიდერი კი ტყვეებით ვაჭრობს. 

"უპირველეს ყოვლისა, მადლიერება მინდა გამოვხატო თქვენი მცდელობებისთვის, რომ გეპოვათ საქართველოსთვის კრიზისიდან გამოსასვლელი გზა. ეს ბევრს ნიშნავს. 

ბევრი ჩვენგანი, ჟურნალისტები, აქტივისტები, გაკვირვებულები ვიყავით, როდესაც ივანიშვილმა დააპატიმრა მელია და საერთაშორისო წნეხი ოპოზიციიდან ხელისუფლებისკენ გადაიტან. ჩვენ ვერ გავიგეთ, რატომ უნდა გაეკეთებინა ასეთი რამ, მაშინ, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება უპირატესად ფოკუსირებული იყო იმაზე, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო. 

თუმცა, მოგვიანებით, მოვლენების განვითარებამ აჩვენა პატერნი: ივანიშვილი ვაჭრობს ადამიანების ბედით (იქნება ეს პოლიტიკოსი, თუ უდანაშაულო საჯარო მოხელე), რათა მიეჯაჭვოს ძალაუფლებას. 

1. 8 მარტის შეთანხმების შედეგად, მან ორი პოლიტპატიმარი გაცვალა საარჩევნო სისტემის შესახებ კომპრომისის მისაღებად, რითაც მას უკეთესი შანსები გაუჩნდა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის 2020 წლისთვის, ისე, რომ ერთი შეთანხმების დარღვევით დატოვა პატიმრობაში; 

2. ამჯერად მელიას გათავისუფლების სანაცვლოდ, ისეთი პროცედურით, რამაც ბევრი კითხვა გააჩნია ქართველ ამომრჩეველში, მან ოპოზიცია აიძულა, შესულიყო პარლამენტში რაციონალური კომპრომისის გარეშე. ამგვარი ქმედებით მან დააქუცმაცა და დემორალიზაცია გაუკეთა საპროტესტო ამომრჩევლის ნაწილს მაინც. 

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დემოკრატიული ცვლილებებისთვის საჭიროა, რომ ამომრჩევლები ენდობოდნენ დემოკრატიულ პროცესს. ამიტომაცაა, რომ რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს ჩვენი მოქალაქეების ნდობას პროცესისადმი. როდესაც ისინი არ ენდობიან პროცესს და ამავდროულად, უყურებენ, როგორ შიმშილობენ მათი შვილები (პანდემიისა და ეკონომიკური კოლაფსის გათვალისწინებით), არ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლების დროს მოქალაქეების კონტროლი პოლიტიკურ პარტიებსაც აღარ შეუძლიათ. 

ჩემი კითხვაა, როგორ ხედავთ საქართველოს დემოკრატიის გადარჩენის გზას ტყვეების აყვანისა და ვაჭრობის პირობებში, როდესაც მოქალაქეები არ ენდობიან დემოკრატიულ პროცესს? და ასევე, რას ფიქრობთ, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ პატერნს?". – იკითხა თამარ ჩერგოლეიშვილმა. 

ევროპარლამენტარებმა, პეტრას აუსტრევიჩიუსმა და ანა ფოტიგამ ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ საჭიროა საქართველოში არსებული პროცესებზე მონიტორინგის გაძლიერება და იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდება ტყვეებით ვაჭრობა, ევროპარლამენტარს აქვს ამის შეკავების ინსტრუმენტები, მაგალითად, რეზოლუციის მიღება, თუ სანქციის დაწესება. 

პეტრას აუსტრევიჩიუსი, ევროპარლამენტარი ევროპის განახლების პარტიიდან: "მე ვფიქრობ, პოლიტიკური ტრადიციების შეცვლას, დადებითია, თუ უარყოფითი, დრო სჭირდება. რასაც თქვენ ამბობთ, სრულად ვალიდურია. თუმცა შეთანხმებაში სწორედ ასეთი შემთხვევები და მათთან გამკლავების გზებია ასახული, მათ შორის, სახელებითა და გვარებით, მაგრამ სრულად მართალი ხართ. ჩვენ არ შეიძლება, რომ მოვადუნოთ მონიტორინგის საშუალებები მიმდინარე სიტუაციაზე. ძალიან მგრძნობიარეები უნდა ვიყოთ ასეთ საქმეებზე. 

ვფიქრობ, ევროპარლამენტს ბრწყინვალე ინსტრუმენტები აქვს, როგორიცაა, მაგალითად, რეზოლუციები. ჩვენ ამას ხშირად ვაკეთებთ და, შესაძლოა, კარგი მაგალითი იყოს. არ მსურს, რომ საქართველო ისევ ვნახო იმ ქვეყნების სიაში, რომლის მიმართაც ასეთ ინსტრუმენტებს ვიყენებთ, მაგრამ მაინც. ჩვენ აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას, რადგან შეიძლება, ახალი საქმეები გამოჩნდეს". 

ანა ფოტიგა, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფიდან: "ვფიქრობ, პოლიტიკა საკმაოდ ჩახლართული თამაშია და ზოგჯერ, საჭიროა, რომ გამოვცადოთ სიტუაცია, შანსი მივცეთ. Ჩვენ ვთანხმდებით, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება აუცილებელი იყო. ვფიქრობ, გათვლა უნდა გავაკეთოთ თითო ნაბიჯზე და შემდეგ გავაძლიეროთ წნეხი და ამ ნაწილში, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, რომ დააკვირდნენ პროცესს. ეს ჩვენი როლიცაა.

როგორც პეტრასმა აღნიშნა, მეტი და მეტი ინსტრუმენტი გვაქვს ევროპარლამენტში, არამხოლოდ რეზოლუციები, არამედ უკვე სანქციებიც, რომლებიც შეიძლება, განვიხილოთ. ჩვენ ამაზე უარი არ გვითქვამს რუსეთისა და ჩინეთის შემთხვევებშიც კი. ამიტომაც, ვფიქრობ, ბევრი ინსტრუმენტი გაგვაჩნია. ჩვენ უნდა მივცეთ შანსი ამ შეთანხმებას, რადგან აბსოლუტურად აუცილებელია ეს საქართველოსთვის და წარმოადგენს შესაძლებლობათა ფანჯარას. ეს პოლიტიკაა – არ იყო დარწმუნებული ფინალის შესახებ, მაგრამ საკუთარ გამოცდილებაზე გათვალო". 

რაც შეეხება კრისტიან დანიელსონს, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა იმ პუნქტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ჩადებულია შეთანხმების ტექსტში, როგორც პოლიტიკურად აღქმულ მართლმსაჯულების საქმეებთან გამკლავების ხერხებად. 

"ჩემი აზრით, ორი რამაა მნიშვნელოვანი ამ კონტექსტში. პირველი ისაა, რომ შეთანხმების მეორე პარაგრაფი, რომელიც ეხება პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებს, მოიცავს ცვლილებებსა და სხვადასხვა პროცედურებს, რომელიც პასუხობს ამ პრობლემას. მაგალითად, ერთერთი ისაა, რომ დეპუტატის იმუნიტეტის მოსახსნელად საჭიროა უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმის მოგროვება.

ეს ერთი რამაა, რაც უნდა გვახსოვდეს, მეორე კი უფრო ფუნდამენტური საკითხია, რასაც პეტრასი შეეხო. არ არის ეს ნიშანი იმისა, რომ საჭიროა უფრო მეტი შეთანხმება, მაგალითად, არსებითი სასამართლო რეფორმისთვის, რაც აუცილებელია? და ამას, ცხადია, დრო დასჭირდება". – თქვა დანიელსონმა. 

 

კომენტარები