ნამახვანჰესი

ლომინაძე: ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტმა ირაციონალური ფორმა მიიღო

კომპანია ენკა ნამახვანჰესთან დაკავშირებით აქტიურ საინფორმაციო კამპანიას იწყებს. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ ისაუბრა. ლომინაძის თქმით, გარკვეული ძალები სურათის დამახინჯებას, ადამიანების გრძნობებით მანიპულირებას ცდილობენ და სწორედ ამიტომ, საჭიროა ხალხთან სწორი კომუნიკაცია.

"ხშირ შემთხვევაში, კარგად მესმის საზოგადოების დიდი ნაწილის და ადამიანების აღშფოთება, როდესაც ვხედავ რამდენად მძიმეა ბრალდებები, რომელიც ისმის ამ პროექტის შესახებ. თითოეული მითი, რაც ვრცელდება პროექტთან დაკავშირებით, უმეტეს შემთხვევაში, ეხება ძალიან მგრძნობიარე თემებს. ჩვენ შევისწავლეთ ყველა მასალა, რაც უკავშირდებოდა კომპანიის ტენდერში გამარჯვების შემდეგ გაფორმებულ ხელშეკრულებას, ჩატარებულ კვლევებს, აღებულ ნებართვებს და პასუხისმგებლობას. გავეცანით ყველა იმ მითსა და ბრალდებას, რაც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში დიდი რაოდენობით ვრცელდებოდა სხვადასხვა ჯგუფის მიერ.

ბუნებრივია, არ გამოვრიცხავ და მეტიც, ნათლად ვხედავთ, რომ რიგი ძალები და ადამიანები სურათის დამახინჯებას და ადამიანების გრძნობებით მანიპულირებას ცდილობენ, აბსოლუტურად შეგნებულად და ძალიან კონკრეტული მიზნებით". – თქვა ლომინაძემ.

ლომინაძის თქმით, პროექტის საწინააღმდეგო პროტესტმა იმდენად ირაციონალური ფორმა მიიღო, რომ მსჯელობის და კითხვებზე პასუხის გაცემის სივრცეც არ დატოვა.

"სამწუხაროდ, დღეს პროექტის საწინააღმდეგო პროტესტმა იმდენად ირაციონალური ფორმა მიიღო, რომ საქმიანი მსჯელობის და კითხვებზე ნორმალურ რეჟიმში წყნარად პასუხის გაცემის სივრცე, პრაქტიკულად, არ დატოვა. თუმცა, კომპანია აცნობიერებს იმ ვალდებულებას, რომ თუნდაც დღეიდან, თუნდაც დაგვიანებით, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც მართლაც აინტერესებს ჰესის ირგვლივ არსებული სინამდვილე, მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია.

სწორედ ამიტომ, ვიწყებთ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რათა ეს რაციონალური ხმა მივიტანოთ საზოგადოებამდე. ნამახვანჰესი არის, იყო და იქნება ქართული პროექტი. ქართული ენერგეტიკის საკვანძო და განუყოფელი ნაწილი. ამ პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს და სრულად ჩაანაცვლოს იმპორტი, რაც ზამთრის პერიოდში იღებს განსაკუთრებულ და სტრატეგიულ მნიშვნელობას. ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ მივიღოთ მონაწილეობა ნებისმიერ დისკუსიაში, რომელშიც დიალოგი შედგება შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით". – აღნიშნა ლომინაძემ.


რამდენიმე თვეა, რიონის ხეობაში აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. 

11 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რიონში მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების მიზეზით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქტივისტების კარვები ტერიტორიიდან გაიტანეს, რასაც აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა.

14 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიონის ხეობაში, გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება - ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტვისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა. 

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნება კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდება, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორების თანახმად, მთავრობამ 16 აპრილს დაყენებული პირობები არ დააკმაყოფილა და მაისში ისინი აქციების გამართვას თბილისში გეგმავენ.

კომენტარები