შსს

აქტივისტი: მეგობარმა "კომენდანტი" დაარღვია, მე სახლში ვიყავი, მაგრამ ჯარიმა მეც დამიწერეს

Facebook/ Tsabunia Vartagava

სამოქალაქო აქტივისტის, ცაბუნია ვართაგავას თქმით, მან დღეს ფოსტის საშუალებით ზუგდიდის პოლიციის მიერ გამოწერილი 2 000-ლარიანი ჯარიმის ქვითარი მიიღო. ჯარიმა 7 მაისსაა გამოწერილი და აქტივისტს 28 აპრილს ე.წ კომენდანტის საათის დარღვევას ედავებიან. როგორც ცაბუნია ვართაგავა ტაბულასთან საუბარში ყვება, 28 აპრილს ის სახლში იყო, გადაადგილების შეზღუდვა არ დაურღვევია და შეუძლებელია, პოლიციელს ის დაენახა. 

ქვითარზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ცაბუნია ვართაგავას 28 აპრილს 22:00 საათზე, ქალაქ ზუგდიდის ზ. გამსახურდიას ქუჩაზე ყოფნას ედავებიან. აქტივისტი ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ მისმა მეგობარმა, რომელთან ერთადაც აქამდე რამდენჯერმე დაუორგანიზებია სხვადასხვა ტიპის აქცია, 28 აპრილს ე.წ კომენდანტის საათი დემონსტრაციულად დაარღვია. 

თუმცა, აქტივისტის ცნობით, მის მეგობართან 28 აპრილს არავინ მისულა და მხოლოდ 29 აპრილს დააჯარიმეს, როცა მან განმეორებით დაარღვია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. 

"ჩემი მეგობარია ერთი, ასევე სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პროტესტის ნიშნად არღვევს ე.წ კომენდანტის საათს. სხვა დროს სხვა აქტივობები ერთად გვაქვს ხოლმე და პოლიციელმა ივარაუდა, რომ რადგან ის არღვევდა, მეც იქვე ვიქნებოდი. 28-შიც დაარღვია და 29-შიც. 28-ში სამართალდამცველები მასთან არ მისულან, 29-ში მივიდნენ და ამ დღეს დააჯარიმეს კიდეც. მე მაინც 28 აპრილის რიცხვით დამიწერეს ჯარიმა". – ამბობს ცაბუნია ვართაგავა ტაბულასთან საუბარში. 

სამოქალაქო აქტივისტის თქმით, მან უკვე გაიარა იურისტებთან კონსულტაცია და ჯარიმას ხვალვე, 12 მაისს გაასაჩივრებს. 

ტაბულა ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას და ინფორმაციას მიღებისთანავე განვაახლებთ. 

 

კომენტარები