დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 45 რაკეტა ისროლა, ისრაელმა საპასუხო შეტევა დაიწყო

ისრაელის პოლკოვნიკ-ლეიტენანტის, ჯონათან კონრიკუსის ცნობით, ღაზის სექტორიდან დაჯგუფება ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 45 რაკეტა ისროლა, აქედან მინიმუმ 7 იერუსალიმის მიმართულებით. რაკეტებმა იერუსალიმთან ახლოს ჩაიფრინეს და ქალაქის განგაშის სიგნალი ჩაირთო. პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს თქმით, ჰამასმა წითელი ხაზი გადაკვეთა და ისრაელი მთელი ძალით გასცემს მათ პასუხს. 

"ტერორისტებმა წითელი ხაზი გადაკვეთეს იერუსალიმის, დღეს, როდესაც იერუსალიმის მიდამოებში დაგვესხნენ თავს. ისრაელის პასუხი ძალიან ძლიერი იქნება. ჩვენ არ მოვითმენთ თავდასხმას ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს დედაქალაქზე, ჩვენს მოქალაქეებსა და ჯარისკაცებზე". – თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

დიდი სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა ჰამასის მოთხოვნა, რომ მათ სამართალდამცველებს ალ-აკსას ტერიტორია დაეტოვებინათ, არ შეასრულა. ტერორისტულმა ჯგუფმა თავდაპირველად იერუსალიმის მიმართულებით 7 რაკეტა ისროლა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა სხვა ქალაქების მიმართულებითაც.

თავდასხმებზე მალევე აიღო პასუხისმგებლობა ჰამასმა და შედარებით პატარა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ისლამურმა ჯიჰადმა. 

"ეს არის გზავნილი, რომელსაც მტერი გარკვევით გაიგებს". – თქვა ჰამასის შეიარაღებული ძალების ფრთის მეთაურმა, აბუ უბაიდამ.

საგანგაშო სიგნალი ღაზის სექტორთან ახლოს მყოფ ქალაქების უმრავლესობაში ჩაირთო. რაკეტების უმეტესობა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, Iron Dome-მა გაანეიტრალა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ უკვე გახსნეს საპასუხო ცეცხლი. 

"ჩვენ დავიწყეთ ჰამასის ობიექტებზე თავდასხმა. ჰამასი ძვირად გადაიხდის საზღაურს". – თქვა ისრაელის პოლკოვნიკ-ლეიტენანტმა კონრიკუსმა. მისი თქმით, ისრაელმა ღაზის სექტორში საჰაერო იერიშები მიიტანა.

ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის 8 ობიექტი დაბომბა. სამხედროების ცნობით, მათ გაანადგურეს ტერორისტული დაჯგუფების ორი რაკეტების გამშვები დანადგარი და ორი სადამკვირვებლო პოსტი.

პარალელურად განახლდა შეტაკებები პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის ალ-აკსას მეჩეთთან, იერუსალიმში. 

ბოლო 2 დღეში, ამ შემთხვევამდე, ისრაელის მიმართულებით ღაზის სექტორიდან 5 რაკეტა ისროლეს

ღაზის სექტორი პალესტინელების ანკლავია, რომელსაც ჰამასის რადიკალ ისლამისტთა ტერორისტული დაჯგუფება ხელმძღვანელობს. ჰამასთან ერთად ღაზის სექტორში მოქმედებს შედარებით მცირე, მაგრამ ასევე ისრაელის მიმართ აგრესიული ტერორისტული დაჯგუფება – ისლამური ჯიჰადი.


დაპირისპირება პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის 10 მაისსაც გაგრძელდა

ისრაელი აღნიშნავს1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომის შემდეგ იერუსალიმის ნაწილის კონტროლის მოპოვების წლისთავს, რასაც პალესტინელთა პროტესტი უკვე მოჰყვა. შეტაკებები უკვე რამდენიმე დღეა, რაც გრძელდება

პალესტინელმა დემონსტრანტებმა ისრაელის პოლიციას ქვები დაუშინეს, სამართალდამცველებმა კი ისროლეს ბგერითი ყუმბარები და რეზინის ტყვიები, გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც. 

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების თქმით, დაშავებულია მინიმუმ 305 ადამიანი და 228 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაშავებულია 21 პოლიციელი.

ალ-აკსას მეჩეთი, რომელიც ისლამის მიმდევრებისთვის რიგით მესამე უწმინდესი ტაძარია, რამადანის თვის ბოლოს პალესტინელთა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირების ადგილად იქცა. შეტაკებებმა საერთაშორისო საზოგადოებაში გააჩინა კონფლიქტის გაფართოების შიშები.

აშშ-მ ისრაელს მოუწოდა, რომ ეზრუნათ იერუსალიმის დღეების, როგორც ქალაქის ნაწილზე კონტროლის მოპოვების დღესასწაულს ეძახიან, მშვიდობიანად ჩატარებაზე. 

კონფლიქტის გაუარესების თავიდან ასაცილებლად ისრაელის პოლიციამ ებრაელთა გარკვეულ ჯგუფებს იერუსალიმის დღეების ფარგლებში ალ-აკსას ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. ამ მეჩეთის ტერიტორიაზე წარსულში ებრაელთა წმინდა ტაძრები იდგა და იუდეველი მომლოცველები ხშირად იკრიბებიან ამ ადგილზე. 

წინა დღეებში მხარეებს შორის დაძაბულობის გამწვავება გამოიწვია აღმოსავლეთ იერუსალიმში, შაიხ ჯარას რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლებამ. 

8 მაისის შეტაკების შემდეგ, გაერომ ისრაელს მოუწოდა, მოსახლეობის გასახლებისგან თავი შეეკავებინა და დემონსტრანტების წინააღმდეგ მაქსიმალური თავშეკავება გამოეჩინა. არაბული ქვეყნების ლიგამ კი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა ჩარეულიყო მიმდინარე მოვლენებში და შეეჩერებინა მოსახლეობის გასახლება. ისრაელის უზენაეს სასამართლოში საკითხთან დაკავშირებით მოსმენა დღეს იმართება.

კომენტარები