ისრაელი

იერუსალიმის დაძაბულობის ფონზე, ბოლო 2 დღეში ღაზის სექტორიდან ისრაელისკენ 5 რაკეტა ისროლეს

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ნასროლი რაკეტები, 2019 წელი, 13 ნოემბერი
The Times of Israel

იერუსალიმში პალესტინელთა და ისრაელის პოლიციის შეტაკების ფონზე, დაჯგუფება ჰამასის კონტროლირებადი ღაზის სექტორიდან, რომელიც პალესტინური ანკლავია, ბოლო 2 დღეში, ისრაელის მიმართულებით  5 რაკეტა ისროლეს. 

9 მაისს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 რაკეტა ისროლეს და 2-ჯერ გახსნეს საარტილერიო ცეცხლი. რაკეტების გამო ქალაქ აშქელონში საგანგაშო სიგნალი ჩაირთო. ისრაელის არმიის ცნობით, ერთ-ერთი რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემამ Iron Dome-მა ჩამოაგდო. მეორე დაუსახლებელ პუნქტში ჩამოვარდა.

საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალების სატანკო დივიზიამ ჰამასის ობიექტების მიმართულებით გახსნა ცეცხლი. 

აქამდე ღაზის სექტორიდან აალებადი აირით გაბერილი ბუშტები ისრაელის მიმართულებით გამოუშვეს, რამაც ხანძრის 39 კერა გააჩინა. ასევე გახსნეს საარტილერიო ცეცხლი. ამ თავდასხმების შემდეგ ისრაელის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ღაზის სექტორის სათევზაო ზონას ჩაკეტავდა, რასაც ერთი საათის შემდეგ ზემოხსენებული ორი რაკეტის გასროლა მოჰყვა. მნიშვნელოვანია, რომ ცეცხლის გაცვლა იერუსალიმში არსებული დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს.

დღეს, 10 მაისს ისრაელის სამხრეთ რეგიონების მიმართულებით ღაზის სექტორიდან კიდევ 3 რაკეტა ისროლეს. შემთხვევამ ქალაქი სდეროთის საგანგაშო სიგნალის ჩართვა გამოიწვია. ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, Iron Dome-მა მინიმუმ ერთი რაკეტა გაანეიტრალა. ზარალის შესახებ კომენტარი არ გაკეთებულა. 

გასულ თვეში ისრაელის მიმართულებით ღაზის სექტორიდან ათობით რაკეტა ისროლეს. პარასკევს, 7 მაისს კი სამმა პალესტინელმა ისრაელის სასაზღვრო პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელებიდან 2 მოკლეს, 1 კი დაიჭრა. 

კომენტარები