ნინოწმინდის ბავშვთა სახლი

გაეროს კომიტეტი ითხოვს, შესაბამის ორგანოებს ნინოწმინდის პანსიონის შემოწმების უფლება მიეცეთ

Ombudsman

საქართველოს სახალხო დამცველის ცნობით, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა.

"საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სახალხო დამცველი მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოა და კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ყოველმხრივი შემოწმების შესაძლებლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში.

სახალხო დამცველი მადლობას უხდის ორგანიზაციას გაწეული სამუშაოსთვის და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მყისიერი რეაგირება მოახდინონ კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

აქვე აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე სახალხო დამცველისა და საზოგადოებისთვის პასუხისმგებელი უწყების მხრიდან გატარებული ღონისძიების ანდა პოზიციის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განთავსებულ ბენეფიციართა საჭიროებების უგულებელყოფა ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება" - წერს სახალხო დამცველი.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. აპრილში ამის მიზეზად დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა.

"ამჟამად პანსიონში 57 არასრულწლოვანი ირიცხება, მათგან ყველაზე პატარა 5 წლისაა. დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა, რომელიც 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში არ შესულა. სახალხო დამცველისადმი სააგენტოს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ კორესპონდენციაში აღნიშნულია, რომ მეუფე სპირიდონი პანსიონში სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგია. რაც ადგილზე სოციალურმა მუშაკმაც დაადასტურა". – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

აპარატის ცნობით, სახალხო დამცველი წლებია, აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა გამოკვეთა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვანები ფაქტობრივად იზოლირებულები არიან სოციუმისგან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი.

სახალხო დამცველი საგანგაშოდ აფასებს დაწესებულებაში შექმნილ ვითარებას და სახელმწიფოს მხრიდან არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფას. შესაბამისად, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

  • შემჭიდროებულ ვადებში წარმოადგინონ კონკრეტული სამოქმედო გეგმა პანსიონატში მყოფი ბავშვების სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებისა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილების თაობაზე.
  • დაუყოვნებლივ მიმართონ ყველა ზომას პანსიონატში სახალხო დამცველისა და სოციალური მუშკის ვიზიტებისა და ბავშვებთან ინდივიდუალური ურთიერთობის უზრუნველსაყოფად.
  • წარმოადგინონ დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის გეგმა და დაინტერესებული საზოგადოების ფართო ჩართულობით დაიწყოს მისი ეტაპობრივი განხორციელება.

კომენტარები