მიანმარი

უფლებადამცველთა 200-ზე მეტი ჯგუფი მიანმარისთვის იარაღის მიყიდვაზე ემბარგოს დაწესებას ითხოვს

EPA

უფლებადამცველთა 200-ზე მეტი ჯგუფი, მათ შორის Human Rights Watch და Amnesty International გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, მიანმარისთვის იარაღის მიყიდვაზე ემბარგო დააწესოს. 

სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიანმარში პროტესტი არ წყდება. უშიშროების ძალები დემონსტრანტებს ძალადობრივად არბევენ. მოკლულია ასობით ადამიანი.

"მიანმარზე გლობალური ემბარგოს დაწესება მინიმალური ნაბიჯია, რომელიც უშიშროების საბჭომ სამხედრო ძალების ძალადობის საპასუხოდ უნდა გადადგას" - ნათქვამია სამოქალაქო ორგანიზაციების ჯგუფების ერთობლივ განცხადებაში.

თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ, რომელშიც ჩინეთსა და რუსეთს ვეტოს უფლება აქვს, მსგავსი გადაწყვეტილება განახორციელოს. სამხედრო გადატრიალების შემდეგ მალევე გაეროს უშიშროების საბჭოში ჩინეთმა და რუსეთმა დაბლოკეს გადატრიალების დაგმობის რეზოლუცია.

"ჩვენ არ ვუჭერთ მხარს სანქციების დაწესებას და მივიჩნევთ, რომ ეს უკანასკნელი საშუალებაა კონფლიქტებთან გამკლავებაში". - თქვა გაეროში ჩინეთის ელჩმა ჭანგ ძუნმა. მას კითხვა დაუსვეს, დაუჭერდა თუ არა მხარს პეკინი უფრი მკაცრ ზომებს მიანმარის სამხედრო ხუნტასთან დაკავშირებით.

სამხედრო გადატრიალების შემდეგ უშიშროების საბჭომ მიანმარში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით რამდენიმე ბრიფინგი გამართა და ოფიციალური განცხადებით გააკრიტიკა დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოჩენილი ძალადობა.

"განცხადებების დრო დასრულდა.უშიშროების საბჭომ უნდა მიაღწიოს ახალი დონის კონსენსუსს მიანმარის საკითხზე და შეთანხმდეს დაუყოვნებლივ და არსებით მოქმედებებზე. [..] მიანმარის ხალხს აღარ აქვს ფუფუნება, ელოდოს, როდის იმოქმედებს უშიშროების საბჭო" - ნათქვამია საზოგადოებრივი ჯგუფების განცხადებაში.


პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველები ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებს, ხმოვან ყუმბარებს და ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო იარაღს იყენებენ.

ორგანიზაცია პოლიტიკური პატიმრების დახმარების ასოციაციის თანახმად, სამხედრო გადატრიალების შემდეგ 2 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და 700-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. დაკავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც. პოლიტიკური პატიმრების დახმარების ასოციაციის თანახმად, დააკავეს 80-მდე ადგილობრივი ჟურნალისტი, რომელთაგან 50 კვლავ დაპატიმრებულია.

გასულ კვირას  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მიანმარის ხუნტის გენერალი მინ აუნ ჰლაინი ესწრებოდა. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ლიდერების ცნობით, ისინი მიანმარის სამხედრო ხუნტის ლიდერთან ქვეყანაში კრიზისის დასრულებისთვის კონსენსუსზე შეთანხმდნენ.

აშშ-მ და ევროკავშირმა მიანმარის სამხედრო ლიდერებს გასული სანქციები დაუწესეს.

კომენტარები