დავითგარეჯის საქმე

ხაზარაძე: კომისია არა გარეჯზე, არამედ მელაშვილისა და ილიჩოვას საქმეზე უნდა შეიქმნას

ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის შეფასებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია არა დავითგარეჯის საქმეზე, არამედ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე უნდა შეიქმნას, იმის გასარკვევად, როგორ იყენებს მართლმსაჯულებას ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ და ასევე, ორი ადამიანების ბედს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით 5 მაისს სასამართლოში ივერი მელაშვილის უფლებების დამცველი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) იურისტი, გიორგი მშვენიერაძე გამოვიდა

"პარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო და კომისია გარეჯთან დაკავშირებით კი არ უნდა შეიქმნას, იმიტომ, რომ გარეჯთან დაკავშირებით კომისია იქნება სპეკულაციების საგანი და სკულპუროზული, სამეცნიერო, ისტორიული დოკუმენტაციის გაბაიბურება მოხდება პოლიტიკური ნიშნით. კომისია უნდა შეიქმნას და მე ასეთ კომისიას დავუჭერ მხარს ილიჩოვის და მელაშვილის ამ საქმის ამოტივტივებაზე - თუ როგორი მართლმსაჯულება გვაქვს, როგორ იმართება ეს მართლმსაჯულება წინასაარჩევნოდ, როგორ არის პოლიტიზირებული ჩვენი პროკურატურა და როგორ იყენებენ ადამიანების ბედს, იმისთვის, რომ თავიანთი ძალაუფლება გაიხანგრძლივონ და ადამიანების ემოციებზე იმუშავონ. თორემ, როგორც ასეთი, გარეჯის საკითხის კომისია პარლამენტში არ უნდა განიხილებოდეს, ეს არის უწყებების თემა, ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს და უამრავი იმ უწყების თემა, ეს არის წყნარი სამუშაო, დინჯი და  ხანგრძლივი მოლაპარაკების პროცესი". – თქვა მან ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.

ხაზარაძე საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრას შემდეგ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ "გარეჯის საკითხი მალე ჩვენი ძმობის შესაფერისად გადაწყდება".

"როდესაც ასეთი აფეთქება გაქვს, დავარქვათ აფეთქება, სად იყვნენ ჩვენი ქვეყნის პირველი პირები და ახლა ეს გზავნილი რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაშინ მე კითხვა მაქვს პრემიერთან - გარეჯი საქართველოა? მე რომ მეუბნები, მე რას მეუბნები, მე ვიცი, ეთქვა [ალიევისთვის], რომ გაუგებრობაში ვართ, რომ მოდი ახლა ჩვენ თუ ძმები ვართ და მეგობრები, თქვენი ჯარი გაწიეთ უკან, კომისია შემოვიდეს და მაშინ ხარ ღირსეული ქვეყნის მმართველი", - თქვა მან.


ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები დავითგარეჯაში თავს 4 მაისს დაესხნენ. მათ ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუზიანეს. ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ხალხი, სასულიერო პირები შეცდომაში არიან შეყვანილი და ეს ხელისუფლების ბრალია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათი გირაოს თანხა 2 საათში შეგროვდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

20 აპრილს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმე GDI-მ სტრასბურგში გაგზავნა

კომენტარები