ღარიბაშვილი ალიევთან შეხვედრაზე: გარეჯის საკითხი მალე ჩვენი ძმობის შესაფერისად გადაწყდება

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის ბაქოში პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ღარიბაშვილის თქმით, შეხვედრისას მათ გარეჯის საკითხიც განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და "ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება".

"მინდა პირველ რიგში ვთქვა, რომ მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, ჩვენ განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია და ჩვენ ვართ მოტივირებული, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივად. ასევე, ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებიც, შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს.

[...] მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს და მის მთავრობას, ყველას, ასეთი გულთბილი დახვედრისთვის. მე პრეზიდენტი მოვიწვიე საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ მრავალი წელია, პრეზიდენტი არ ყოფილა თბილისში, ისე განვითარდა ბოლო წლებში მოვლენები. მე მივიღე მისგან დაპირება, რომ იგი გვესტუმრება თბილისში და ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე თანამშრომლობას და კიდევ უფრო მეტ საქმეს გავაკეთებთ ერთობლივად". – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.


სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათი გირაოს თანხა 2 საათში შეგროვდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

კომენტარები