პოლიტიკური კრიზისი

სარჯველაძე: თუ ვინმე უარს იტყვის ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე, ამის საშუალება ექნება

მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, კითხვები იმის შესახებ, თითქოს ქართული ოცნების მიერ მომზადებული ამნისტიის კანონპროექტის რომელიმე დებულება გამიზნულია ვინმეს პატიმრობაში დასატოვებლად, სინამდვილეს არ შეეფერება. 

მისი განმარტებით, ოცნების პროექტში რა დებულებაც არის ჩადებული, გულისხმობს იმას, რომ კანონის ფორმულირება როგორიც არ უნდა იყოს, პირს აქვს უფლება ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

"წინა ამნისტიებში ეწერა ამის შესახებ თუ არ ეწერა, ეს იგულისხმებოდა, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი კონვენციური მოვალეობა საქართველოსი, რომ უზრუნველყოფილი იყოს პირი უფლებით, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს განსჯაზე. იმ შემთხვევაში, თუკი პირი უარს განაცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე, იქვე არის კანონპროექტში მითითებული, რომ ეს უარი არ იქნება შეუქცევადი და პირს, რომელმაც ერთხელ უარი განაცხადა ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე, იმ შემთხვევაში, თუ ის სასამართლოს მხრიდან გამტყუნებული იქნება, შესაძლებლობა ექნება შეცვალოს გადაწყვეტილება, გაიწვიოს უკან თავისი უარი და შესაბამისად, მიიღოს ამნისტია. უპირატესობა მიენიჭება პირის ნებას, ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი და მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც გახლავთ კონვენციური ვალდებულება. პირი თუ აქტიურად არ იტყვის უარს, ასეთ შემთხვევაში მასზე ამნისტია გავრცელდება". – ამბობს სარჯველაძე. 

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ კონკრეტულ პირს აღმოაჩნდება სურვილი, რომ უარი განაცხადოს ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე, ამის შესაძლებლობა მინიჭებული აქვს.

"რა არის აქ ჩიხის მომასწავებელი, გაუგებარია. საუბარია იმაზე, რომ თუ ადამიანს აქვს სურვილი, რომ ის იქნას განსჯილი და ამის გამო უარს აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე, მას ამის უფლება გააჩნია და თუ მიმართავს საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს, რომ სურვილი აქვს, მის მიმართ ამნისტია არ გავრცელდეს, ეს დაკმაყოფილდება. მე ვფიქრობ, პირიქით რომ ყოფილიყო ფორმულირებული და უარის მიუხედავად ამნისტია გავრცელებულიყო, მაშინ ნამდვილად იქნებოდა საპრეტენზიო. ამ შემთხვევაში მელიას ნებაა აქ გადამწყვეტი. ჩემი აზრით, ლოგიკური იქნება მან ისარგებლოს ამნისტიით, ეს სასურველია ყველა თვალსაზრისით, მათ შორის, შეთანხმებიდან გამომდინარე, რომელი შეთანხმების აღსასრულებლადაც ვიღებთ ამ ამნისტიას". – ამბობს სარჯველაძე.


პარლამენტში 20 ივნისის ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე უკვე დააინიცირა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. 

ქართული ოცნების ვერსიის თანახმად, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, ვინც ჩაიდინა დანაშაული, მოამზადა, მიიღო მონაწილეობა, ან ჰქონდა მცდელობა. ამასთან ერთად, ამნისტია გავრცელდება მათზეც, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი.

ამნისტია არ შეეხება მათ, ვინც უარს აცხადებს ამნისტიის გავრცელებაზე და ასევე არ ეხება სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგ მუხლებს: 117-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და  144-ე პირველი პრიმა და 144-ე მესამე პრიმა მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს - წამება, მუქარა, დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობა. კანონპროექტში არ წერია არაფერი დაზარალებულის თანხმობის შესახებ. 

ნიკა მელიამ 26 აპრილს მიმართვა გაავრცელა და მზადყოფნა გამოთქვა, დასთანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნება

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (გიორგი რურუას და ნიკა მელიას).

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

კომენტარები