დავითგარეჯის საქმე

ომბუდსმენი: მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, დროულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე თავდასხმები

 ომბუდსმენი ნინო ლომჯარია საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილ უფროს ივერი მელაშვილსა და ტელეკომპანია მთავარის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება. 

"სამწუხაროა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ეს არ არის კრიტიკული მედია საშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის პირველი შემთხვევა. ჟურნალისტების მიმართ ბოლო პერიოდში გახშირებული ფიზიკური ანგარიშსწორების, მუქარის და დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების თაობაზე სახალხო დამცველის შეფასებები 2020 წლის ადამიანის უფლებების ანგარიშშიც არის ასახული.

სახალხო დამცველის აპარატი გმობს მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილ ყველა სახის ძალადობას და ხაზგასმით აღნიშნავს თავისუფალი და კრიტიკული მედიაგარემოს სასიცოცხლო როლს დემოკრატიული საზოგადოებისთვის ისევე, როგორც მის განსაკუთრებულ ფუნქციას ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის მიმართულებით". - წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტებზე თავდასხმები. განცხადების მიხედვით, დაუსჯელობის გარემოს შექმნისა და წახალისების თავიდან აცილების მიზნით, უნდა გამოიკვეთოს და დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ჟურნალისტთა და ტელეკომპანიების წარმომადგენელთა წინააღმდეგ წარსულში ჩადენილ დანაშაულებრივ ინციდენტებთან დაკავშირებით.

"გარდა ამისა, მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას და თანამდებობის პირს, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების მიერ საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს შექმნა". – წერია განცხადებაში. 

ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები დავითგარეჯში თავს დღეს, 4 მაისს დაესხნენ. მათ ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუზიანეს. ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ხალხი, სასულიერო პირები შეცდომაში არიან შეყვანილი და ეს ხელისუფლების ბრალია. შსს-ს გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.  


პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

28 იანვარს პროკურატურამ განაცხადა, რომ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმის გარშემო გამოძიება ამოწურულია, ხოლო ბრალეულობა -  "მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით გამყარებული". პროკურორ მიხეილ სადრაძის თქმით, ამის გამო, საგამოძიებო უწყება მთავარ აქცენტს დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზე მიმართავს. მელაშვილი და ილიჩოვა კი 20-20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გირაო 2 საათში სრულად შეგროვდა.

კომენტარები