ჩრდილოეთ კორეა ბაიდენის ადმინისტრაციას მტრულ პოლიტიკაში ადანაშაულებს. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ვაშინგტონის ბოლო კომენტარები აჩვენებს, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს, "მტრული პოლიტიკა" შეინარჩუნოს.
ჩრდილოეთ კორეის საგარეო მინისტრის განცხადების თანახმად, ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ბაიდენის კომენტარები "მიუღებელი" და "დიდი, უხეში შეცდომაა".
"მისი განცხადება ცხადად გამოხატავს მის განზრახვას, გაატაროს მტრული პოლიტიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის [ჩრდილოეთ კორეა] მიმართ ისევე, როგორც ამას აშშ აკეთებს ნახევარი საუკუნეზე მეტი ხანია". - თქვა ჩრდილოეთ კორეის საგარეო სამინისტროს აშშ-სთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
პრეზიდენტობის პირველი 100 დღის შემდეგ ჯო ბაიდენი კონგრესის წინაშე სიტყვით წარდგა. გამოსვლის დროს ბაიდენმა ჩრდილოეთ კორეისა და ირანის ბირთვული პროგრამები აშშ-სა და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხედ შეაფასა.
"ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ჩვენს მოკავშირეებთან, რათა ვუპასუხოთ ამ ორი ქვეყნის მხრიდან მომავალ საფრთხეებს დიპლომატიითა და მკაცრი შეკავებით". - თქვა ბაიდენმა.
თეთრი სახლის თანახმად, პრეზიდენტი გეგმავს, ჩრდილოეთ კორეასთან "კალიბრილებული" მიდგომა გამოიყენოს.
თეთრი სახლის სპიკერის, იენ საკის თანახმად, აშშ-ს პოლიტიკის გეგმის გადახედვა დასრულებულია და ბაიდენმა ისწავლა მისი წინამორბედი ოთხი ადმინისტრაციის გამოცდილებიდან, რომლებმაც წარუმატებლად სცადეს, ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის პროგრამის გაუქმებაზე დაეყოლიებინათ. საკის თქმით, აშშ-ს პოლიტიკა არ იქნება ფოკუსირებული "გრანდიოზული შეთანხმების" მიღწევაზე, ნაცვლად ამისა, აშშ მიჰყვება "კალიბრილებულ პრაქტიკულ" მიდგომას, რომელიც ღია იქნება დიპლომატიისთვის, მაგრამ პარალელურად მიაღწევს "პრაქტიკულ პროგრესს" აშშ-სა და მისი მოკავშირეების უშიშროების გაზრდაში.
უახლოეს მომავალში აშშ იაპონიისა და სამხრეთ კორეის ეროვნული უშიშროების მრჩევლებს დისკუსიისთვის უმასპინძლებს.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბაიდენმა ჩრდილოეთ კორეის მმართველს, კიმ ჩენ ინს ბოროტმოქმედი უწოდა და თქვა, რომ აშშ-ს და გაეროს მიერ დაწესებული მკაცრი ეკონომიკური სანქციების მოხსნისთვის აუცილებელი იყო ბირთვული განიარაღება. ბაიდენის გაპრეზიდენტებიდან მალევე კიმ ჩენ ინმა სიტყვით გამოსვლისას აშშ ჩრდილოეთ კორეის ყველაზე დიდ მტრად გამოაცხადა და ბირთვული არსენალის გაზრდის ამბიციურ გეგმებზე ისაუბრა. ჯო ბაიდენის წინამორბედი, დონალდ ტრამპი აშშ-ს პირველი პრეზიდენტი იყო, რომელიც კიმ ჩენ ინს პირდაპირ დაუკავშირდა. ლიდერები სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა არც ბირთვულ პროგრამასთან და არც სანქციებთან დაკავშირებით შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.