ბელარუსი

ბელარუსში ოპოზიციის ლიდერთან ინტერვიუ "ექსტრემისტულ მასალად" გამოაცხადეს

სვეტლანა ტიხანოვსკაია
EPA

ბელარუსის სასამართლომ ოპოზიციის ლიდერთან, სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან, Intex Press-ის ბეჭდური და ონლაინ ინტერვიუ, ასევე თანდართული ვიდეო "ექსტრემისტულ მასალად" გამოაცხადა. 

პროკურორების თქმით, ინტერვიუ შეიცავს "ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური, იდეოლოგიური და სოციალური მტრული განწყობის გაღვივებას".

მანამდე, 21 აპრილს, პოლიციაში დაჰკითხეს Intex Press-ის მთავარი რედაქტორი, ვლადიმირ იანუკევიჩი. ის 580 ბელარუსული რუბლით დააჯარიმეს. ის ბრალდებულია მასმედიის შესახებ კანონის დარღვევაში აკრძალული და არარეგისტრირებული რესურსებით ინფორმაციის გავრცელებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ინფორმაციის სამინისტროს გაუგზავნეს სპეციალურ სიაში ჩასასმელად, რომ საიტზე წვდომა შეზღუდული იყოს.

ტიხანოვსკაიასთან ინტერვიუს ბეჭდური ვერსიის გამო ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყეს გამოცემის წინააღმდეგ. გამოცემას შეიძლება 5800 ბელარუსული რუბლის ჯარიმა დაეკისროს.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

ოპოზიციონერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ არჩევნების შემდეგ ქვეყანა დატოვა და კვლავ ლიტვაში იმყოფება. გასულ წელს ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ბელარუსში დაბრუნებას აპირებს, თუმცა მაშინ, როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.

აპრილში ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების საბჭომ ქვეყნის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელიც ამჟამად ლიტვაში იმყოფება, ტერორისტთა სიაში შეიყვანა.

კომენტარები