პოლიტიკური კრიზისი

სარჯველაძე ამნისტიაზე: რაღაცებზე შევთანხმდით, თუმცა, ოპოზიციას დამატებითი მოთხოვნები აქვს

მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ამნისტიის კანონთან დაკავშირებით ოპოზიციასთან გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდნენ, თუმცა ოპოზიციამ დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა. 

ამის შესახებ სარჯველაძემ ღამის კურიერში ისაუბრა. 

მისი თქმით, ხელისუფლება და ოპიზიცია შეთანხმდა იმაზე, რომ ამნისტიის კანონი არ გავრცელდება ისეთ არაადამიანურ მოპყრობაზე, როგორიც არის მაგალითად, მაკო გომურის საქმე, თუმცა, ოპოზიციის მოთხოვნას, შეიზღუდოს ამნისტიის გავრცელება/არ გავრცელება კონკრეტულ დაზარალებულთა თანხმობებით, სარჯველაძის თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციას ამ პირობებზე არ თანხმდება. 

"შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ, რაკი კონვენციური მოვალეობაა, რომ წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, მათ შორის ისეთ სამართალდარღვევაზე, რომელიც მოიცავს, მაგალითად, მაკო გომურის შემთხვევას, არ გავრცელდეს ამნისტია.

თუმცა, ოპოზიციის მხრიდან, რომელთანაც კონსულტაციები გვქონდა, წამოიჭრა საკითხი, რომ მოდი, დამატებით კიდევ რაღაც შეზღუდვები დაწესდეს. ორი ტიპის შეზღუდვა იყო, რომელთან დაკავშირებითაც ვერ მოვრიგდით და რეალურად, გაიხსნა ხელახალი დისკუსია ამ საკითხების თაობაზე.

პირველი საკითხი ეს იყო, რომ შეზღუდულიყო ამნისტიის გავრცელება/არ გავრცელება კონკრეტულ დაზარალებულთა თანხმობებით, თუმცა შეთანხმებაში ასეთი არ იყო და შესაბამისად, ეს არის მიზეზი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პათოსს ამ შემთხვევაში უფრო მეტად ჩვენი ვერსია შეესაბამება, რომლის მიხედვითაც დამატებითი პირობების დაწესებაზე არ წავყევით". - ამბობს სარჯველაძე. 


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას საქმეებზე).

ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის შეთანხმება 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის გამოცხადებას მოიცავს. 

27 აპრილს რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ქართული ოცნებისა და პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების წევრები 20 ივნისის ამნისტიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება – ერთი ხელისუფლების, ხოლო მეორე ოპოზიციის მხრიდან. 

ოპოზიციის კანონპროექტის მიხედვით, ამნისტირებული უნდა იყოს ის მუხლები, რომლითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, როგორც მომიტინგეების, ისე სამართალდამცველების წინააღმდეგ, ხოლო ქართული ოცნების კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა შესაძლო დანაშაულსა და მუხლზე, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. 

ამავდროულად, მხარეები თანხმდებიან, რომ ამნისტია არ უნდა გავრცელდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევებზე, როგორიცაა წამება, წამების მუქარა, არაადამიანური მოპყრობა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ა.შ. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

კომენტარები