პოლიტიკური კრიზისი

მელიას ადვოკატი: არანაირი მოლოდინი სხდომასთან დაკავშირებით არ გვაქვს, საქმეს ოცნება იხილავს

ტაბულა

დღეს, 29 აპრილს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. როგორც მელიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, სხდომასთან დაკავშირებით მოლოდინები არ აქვთ, რადგან, მისივე თქმით, ქართული ოცნების გადასაწყვეტია, "როდის დასრულდება ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა".

"რეალურად, სასამართლო არ იხილავს ამ საქმეს, ამ საქმეს იხილავს ქართული ოცნება და გადაწყვეტილებებს იღებს ის. უბრალოდ, ამ გადაწყვეტილებების გახმოვანება ხდება სასამართლოს შენობაში მოსამართლის მანტიაში ჩაცმული პირის მიერ. არანაირი მოლოდინები ამ სხდომასთან დაკავშირებით არ გვაქვს, იმიტომ, რომ ქართული ოცნების გადასაწყვეტია,როდის დასრულდება ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა". - ამბობს ის ფორმულასთვის მიცემულ ინტერვიუში. 

უცნობია, დააყენებს თუ არა რაიმე შუამდგომლობას ბრალდების მხარე. პროცესს ნიკა მელია არ დაესწრება - ის 13 აპრილს, წინა პროცესზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დარბაზიდან გააძევა.


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (გიორგი რურუას და ნიკა მელიას საქმეებზე).

ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის შეთანხმება 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის გამოცხადებას მოიცავს. 

27 აპრილს რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ქართული ოცნებისა და პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების წევრები 20 ივნისის ამნისტიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება – ერთი ხელისუფლების, ხოლო მეორე ოპოზიციის მხრიდან. 

ოპოზიციის კანონპროექტის მიხედვით, ამნისტირებული უნდა იყოს ის მუხლები, რომლითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, როგორც მომიტინგეების, ისე სამართალდამცველების წინააღმდეგ, ხოლო ქართული ოცნების კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა შესაძლო დანაშაულსა და მუხლზე, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. 

ამავდროულად, მხარეები თანხმდებიან, რომ ამნისტია არ უნდა გავრცელდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევებზე, როგორიცაა წამება, წამების მუქარა, არაადამიანური მოპყრობა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ა.შ. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

კომენტარები