კომენდანტის საათი

იმნაძე აღდგომას კომენდანტის საათის გამონაკლისზე: მრევლის რაოდენობა მეტია

"მრევლის რაოდენობაში განსხვავებას ვერ ხედავთ?" - ასე უპასუხა NCDC-ის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ კითხვას, აღდგომის ღამეს რატომ არ მიეცა სხვა კონფესიებს მეტი დრო, მაშინ, როცა მართლმადიდებლური აღდგომის ღამეს კომენდანტის საათი გვიან დაიწყება.

"ყველას მიეცა უფლება მაშინ, რაოდენობაზეა ლაპარაკი, ინდივიდუალური საშვებით ყველას მიეცათ საშუალება" . – თქვა იმნაძემ TV ფორმულას ეთერში.

წამყვანის რეპლიკაზე, რომ ახლა ინდივიდუალური საშვები არ არის, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ მართლმადიდებელი მრევლის რაოდენობა დიდია. 

"ჩატარების საშუალება როგორ არ ჰქონდა, ინდივიდუალური საშვებით იყო ყველა, ერთი ადამიანი მაჩვენეთ, ვინც იმ ღამეს დაჯარიმდა კომენდანტის საათის დარღვევისთვის". – თქვა NCDC-ის დირექტორის მოადგილემ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 მაისს, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, კომენდანტის საათი გვიან დაიწყება და ადრე დასრულდება, კერძოდ, გადაადგილების შეზღუდვა 23:00-დან 04:00-მდე იმოქმედებს.  საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის მთავრობამ გამონაკლისი დაუშვა შობის ღამესაც - 6 იანვრის ღამით კომენდანტის საათი სრულად მოიხსნა.

თუმცა, იგივე პრივილეგიები, მოთხოვნის მიუხედავად, არ მიუნიჭებიათ რელიგიური უმცირესობებისთვის. კომენდანტის საათი ჩვეულებისამებრ, 21:00-დან 05:00-მდე მოქმედებდა როგორც შობას, 24-25 დეკემბრის ღამეს, ისე აღდგომას - 3-4 აპრილის ღამეს. ამის გამო, სხვა კონფესიები იძულებულები გახდნენ, "სააღდგომო ღამისთევა" დღე ჩაეტარებინათ.

კომენტარები