კორონავირუსი და შეზღუდვები

აცრილებისთვის კომენდანტისას გადაადგილება – გამყრელიძე საბჭოზე ინიციატივას წარადგენს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, მომავალ კვირაში საკოორდინაციო საბჭოზე ინიციატივას წარადგენენ, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთეს, შეზღუდვების პერიოდში ჰქონდეთ "გარკვეული შეღავათები", მათ შორის კომენდანტის საათზე. ამის შესახებ გამყრელიძე NCDC-ის გვერდზე გავრცელებულ ინტერვიუში საუბრობს.

"ჩვენთან უკვე 4 400-მდე ადამიანს აქვს ორჯერადი აცრა გაკეთებული ფაიზერით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აპირებს მომავალ კვირაში შესაბამისი ინიციატივით შევიდეს საკოორდინაციო საბჭოზე, რომ ამ ადამიანებს შესაბამისი, ასე ვთქვათ, შეღავათები შეზღუდვების პერიოდში ჰქონდეთ.

ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის, იგივე კომენდანტის საათის დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობის დროს შესაბამისი დოკუმენტი. კიდევ სხვა ინიციატივები, რამდენიმეზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაჟღერებ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს უფრო მეტი დაინტერესება, რომ სწრაფად და სრულად იქნას აცრილი. მოგეხსენებათ, ამ ადამიანებს, რომლებიც ორჯერადად არიან აცრილები მთელ რიგ ქვეყნებში გარე სივრცეებში პირბადე არ მოეთხოვებათ, დახურულებში კი ასევე აქვთ შეღავათები კომენდანტის საათისა და სხვა შეზღუდვებთან მიმართებაში.

ამიტომ, ამაზე ჩვენ ვფიქრობთ, ვმუშაობთ და მომავალი კვირის განმავლობაში, უკვე, სადღაც 15 მაისამდე დაგვიგროვდება დაახლოებით 14 000-მდე სრულად, ანუ ორჯერადად აცრილი ადამიანი და ამ ადამიანებს მეტი სტიმული და მეტი შეღავათი უნდა ჰქონდეთ ქვეყნისგან". – ამბობს ამირან გამყრელიძე.

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს, თუმცა, გამონაკლისის სახით, აღდგომის ღამეს გადაადგილების შეზღუდვა ორი საათით გვიან, 23:00-ზე დაიწყება და ერთი საათით ადრე, 04:00-ზე დასრულდება. ასევე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით დღეები და 10-11 მაისი უქმე დღეებად განისაზღვრა.

კომენტარები