დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ზელენსკი: რუსული ჯარები ჩვენ საზღვრებთან შეიძლება ნებისმიერ დროს დაბრუნდნენ

ვოლოდმირ ზელენსკი
censor.net

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სამხედროებს დაჟინებით მოუწოდა სიფხიზლისკენ მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთმა სამხედრო ჯარების გაყვანაზე ოფიციალურად განაცხადა. 

პრეზიდენტის თქმით, ისინი შეიძლება ნებისმიერ დროს დაბრუნდნენ.

"ის ფაქტი, რომ ჯარები უკან იხევენ არ ნიშნავს იმას, რომ არმია მზად არ უნდა იყოს იმ შესაძლო შემთხვევისთვის, რომ ისინი ჩვენ საზღვრებთან ნებისმიერ დროს შეიძლება დაბრუნდნენ". – თქვა პრეზიდენტმა. 

ამავე დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ დასავლური წნეხი რუსული ჯარების უკან დახევასთან არაფერ შუაშია. მისივე თქმით, მოსკოვი იმის კეთებას გააგრძელებს, რასაც თავდაცვისთვის საჭიროდ ჩათვლის. 

შოიგუმ ასევე შეშფოთება გამოხატა რუსეთთან NATO-ს ძალების ყოფნაზე. 

"ზოგმა გაგვაფრთხილა კიდეც, რომ ჩვენს აქტივობებს ჩვენ ტერიტორიაზე შედეგები მოჰყვება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამგვარი გაფრთხილებები მისაღები არ არის და ჩვენი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ყველაფერს გავაკეთებთ". – რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა.

მიმდინარე კვირას პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ, თქვა, რომ ვაშინგტონმა შენიშნა რუსული ჯარების გადაადგილება უკრაინის საზღვრიდან მოშორებით, თუმცა ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რუსეთს ყველა სამხედრო ძალა უკან გაჰყავდა თუ არა.

მარტის ბოლოდან აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა დაიძაბა. 26 მარტს სოფელ შუმასთან სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლით 4 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ბოლო პერიოდში ეს ერთ დღეში უკრაინული მხარის ყველაზე დიდი დანაკარგი იყო. უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო ძალების მობილიზაცია დაიწყო.

23 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ანექსირებულ ყირიმში გადაყვანილი დამატებითი ძალების გაყვანა და მათი საკუთარ მუდმივ ბაზებზე დაბრუნება დაიწყო. მანამდე, 22 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ უკრაინის საზღვართან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დასრულდა და ჯარებს უბრძანა, რომ 1-ელ მაისამდე თავიანთ მუდმივ სამყოფელს დაუბრუნდნენ.

დაძაბულობის ფონზე ბაიდენის ადმინისტრაციასა და უკრაინის მთავრობის წევრებს შორის აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია გაიმართა.  2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს. ეს მათი პირველი სატელეფონო საუბარი იყო. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები  გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ტარანს შორისაც. ოსტინმა დაგმო რუსეთის აგრესია და პროვოკაციული ქმედებები. სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორისაც. ყველა ოფიციალურ საუბარში აშშ თავის აქტიურ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას.

კომენტარები