"მინდა მოგილოცოთ, რომ ოპოზიცია გათავისუფლდა სააკაშვილის და ბოკერიას მძევლობიდან, ეს უნდა ითქვას ცალსახად, იმიტომ, რომ ამას თქვენც აღიარებთ სხვათა შორის და აღიარებთ სხვადასხვა ეთერებში". – ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. ზარქუას თქმით, ის მოხარულია, რომ ოპოზიციამ მიიღო პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება, რაც მისი თქმით, დიალოგის და კონსტრუქციული დებატების საშუალებას იძლევა.
"ეს არის პარლამენტი, რომელსაც მხარი დაუჭირა საქართველოს მოსახლეობამ, მრავალპარტიულ პარლამენტს, ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთ ხმაში ვამბობდით უმრავლესობის წევრები, რომ ეს კინკლაობა მორჩით, და იქნებ რამენაირად ეს დიალოგი დისკუსია გაგრძელებულიყო პარლამენტში, მე მიხარია, რომ დღეს, როგორც იქნა, ჩამოყალიბდა ოპოზიცია, მიხვდა, რომ დიალოგს და კონსტრუქციულ დებატებს ალტერნატივა არ გააჩნია". – თქვა ზარქუამ
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წევრები დღეს, 27 აპრილს პარლამენტში შევიდნენ. ისინი 20 ივნისის დაზარალებულებთან შეხვედრას გამართავენ და ამის შემდეგ შევლენ საკანონმდებლო ორგანოში. პარლამენტთან ამ წუთებში აქტივისტები არიან შეკრებილები და მოითხოვენ, ოპოზიციის წევრებმა არ დაუშვან ამნისტიის კანონის ინიცირება.
შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, დღეს, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება.
ოპოზიციის იმ ნაწილის მტკიცებით, რომელმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, ამნისტია არ გავრცელდება ადამიანის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებულ მუხლებზე, "ანუ ჯალათებზე". მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ ამნისტია გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, თუმცა მათივე მტკიცებით, დაცული იქნება კონვენციური სტანდარტები.
ოპოზიციური პარტიებიდან შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს ევროპულმა საქართველომ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ლეიბორისტულმა პარტიამ.
დოკუმენტზე პარტიების მიერ ხელმოწერიდან ერთი დღის შემდეგ ენმ-ს ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ენმ-ს მოუწოდა, რომ მას შემდეგ, რაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს, მათაც ხელი მოაწერონ შეთანხმებას.





