პოლიტიკური კრიზისი

სააკაშვილი: მას შემდეგ, რაც მელია საპატიმროს დატოვებს, მოვუწოდებ ენმ-ს, ხელი მოაწეროს

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს მოუწოდებს, მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერონ. სააკაშვილის თქმით, მელიამ საპატიმრო "ყოველგვარი გაუგებარი გირაოს და დამამცირებელი პირობების" გარეშე უნდა დატოვოს.

"ის დოკუმენტი, რომელიც დაიდო, შეიცავს ძალიან ბევრ ხარვეზს და ძალიან შორს არის იმისგან, რაც ბოლომდე გადაწყვეტდა კრიზისს. მაგრამ, იქ არის ორი მთავარი რამ, პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი პარტიის გმირული თავმჯდომარე, ნიკა მელია უნდა გამოვიდეს საპატიმროდან ისევე, როგორც გიორგი რურუა, ისევე, როგორც უნდა შეწყდეს პოლიტპატიმრების ნაწილის მიმართ პოლიტიკური დევნა და ეს უნდა მოხდეს უპირობოდ. ნიკა მელიამ უნდა დატოვოს საპატიმრო ყოველგვარი დამამცირებელი პირობების, ყოველგვარი გაუგებარი გირაოს გარეშე უნდა დატოვოს ისე, როგორც მას სურს, იმიტომ, რომ ის იქ იმყოფება უკანონოდ და უდანაშაულოდ. 

მაგრამ , მას შემდეგ, რაც ის დატოვებს ამ პირობებით საპატიმროს, მე მინდა, მოვუწოდო ნაციონალურ მოძრაობას, ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას". - ამბობს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, შემანხმების პუნქტი - თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, ვადამდელი არჩევნები 2022 წელს დაინიშნოს, "პრაქტიკულად, რეფერენდუმია ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების თაობაზე".  სააკაშვილის მტკიცებით, არჩევნებამდე საქართველოში ჩამოვა.

"43%  ბარიერიანი, ძველი კომისიის პირობებში, მაგრამ ეს არის უკვე დაშვება რიგგარეშე არჩევნების და ეს არის რეფერენდუმი ივანიშვილის მმართველობაზე. ამიტომ, შემოდგომაზე ეს იქნება რეფერენდუმი და ჩვენ ის უნდა მოვიგოთ, ადგილობრივი მმართველობის არჩევნების პარალელურად. ამისთის, უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი. ჩვენ უნდა შევიდეთ იმ პარლამენტში, რომელიც მიგვაჩნია უკანონოდ და მოპარული არჩევნების შედეგად. გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტიც, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა სხვა ბრძოლის ფორმა დემოკრატიულობის ფარგლებში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მკვეთრი. 

მეც, მიხეილ სააკაშვილი, ამ რეფერენდუმის წინ, წინასწარ ჩამოვალ საქართველოში. ფიზიკურად ვიქნები ტქვენთან ერთად, რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ეს ჩემი სიცოცხლისთვის და ჩემი თავისუფლებისთვის. მე აუცილებლად ვიქნები ამ პროცესის უშუალო მონაწილე, დამსწრე და თქვენთან ერთად ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების აქტიური შემოქმედი". - ამბობს ის.

გუშინ, 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს - საქართველოს წინსვლის გზა.

ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა. დღეს, 20 აპრილს, დოკუმენტს ხელი მოაწერა ევროპული საქართველოს სიის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა. ხელის მოწერას გეგმავს ევროპული საქართველოს სიის კიდევ ერთი წევრი - შალვა შავგულიძე. პარტიის ყოფილი წევრი, ელენე ხოშტარია კი დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებს.

ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს განცხადებით, მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი,  "ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ". მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

კომენტარები