დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციას პუტინთან შეხვედრის მომზადება დაავალა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ადმინისტრაციას ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის განხილვისთვის კრემლთან დაკავშირება დაავალა.

"ვფიქრობ, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ეს შეხვედრა შედგება. [...] პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს დავავალე, რომ პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციას დაკავშირებოდა, რათა მათ ეპოვათ ურთიერთგაგება და მოეძებნათ დრო და ადგილი, სადაც შევძლებთ შეხვედრას". – თქვა ზელენსკიმ

ვლადიმირ პუტინს ზელენსკიმ შეხვედრა დონბასში, კონფლიქტურ რეგიონში შესთავაზა. საპასუხოდ პუტინმა თქვა, რომ ის მზადაა, ზელენსკის "მისთვის შესაფერის ნებისმიერ დროს მოსკოვში" შეხვდეს.

მარტის ბოლოდან აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა დაიძაბა. 26 მარტს სოფელ შუმასთან სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლით 4 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ბოლო პერიოდში ეს ერთ დღეში უკრაინული მხარის ყველაზე დიდი დანაკარგი იყო. უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო ძალების მობილიზაცია დაიწყო.

23 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ანექსირებულ ყირიმში გადაყვანილი დამატებითი ძალების გაყვანა და მათი საკუთარ მუდმივ ბაზებზე დაბრუნება დაიწყო. მანამდე, 22 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ უკრაინის საზღვართან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დასრულდა და ჯარებს უბრძანა, რომ 1-ელ მაისამდე თავიანთ მუდმივ სამყოფელს დაუბრუნდნენ.

დაძაბულობის ფონზე ბაიდენის ადმინისტრაციასა და უკრაინის მთავრობის წევრებს შორის აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია გაიმართა.  2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს. ეს მათი პირველი სატელეფონო საუბარი იყო. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები  გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ტარანს შორისაც. ოსტინმა დაგმო რუსეთის აგრესია და პროვოკაციული ქმედებები. სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორისაც. ყველა ოფიციალურ საუბარში აშშ თავის აქტიურ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას

კომენტარები