პოლიტიკური კრიზისი

მელია: ახლა ზიანდება ის ხალხი, ვინც ხელი მოაწერა დოკუმენტს – მენანება ყველა ჩემი კოლეგა

ნიკა მელია
Reuters/Irakli Gedenidze

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლის განხორციელება პოლიტიკური მხარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილია, თუ ვინმე ზიანდება, ეს შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერები არიან. 

"ეს არის ხაფანგი, რომელიც შეთანხმებით ხელისუფლებამ დააგო. რაც არ უნდა ითქვას, ახლა რომ ეგ ინიციატორებმა ჩაწერეს, ბუნებრივია, შესაძლებელი იყო, რომ ეს ასე არ მომხდარიყო. ხელისუფლების დაგებული ხაფანგია და პირველ რიგში, ეს ხაფანგი დაუგეს დოკუმენტზე ხელმომწერებს, რომ მოხდეს მათი დისკრედიტაცია. 

[...] ეს ყველაფერი ხომ ჩემთვის კეთდება, ხომ ასე საუბრობენ?! მე ამით ჩრდილი არ მადგება ხალხო, არავითარ შემთხვევაში. ახლა ვინმე თუ ზიანდება, ზიანდება ის ხალხი, ვინც ხელი მოაწერა დოკუმენტს. [...] შეურაცხყოფილად თავს რატო ვგრძნობ იცით?! ვგრძნობ თავს იმიტომ, რომ ვიღაცა მოძალადეები უნდა იყვნენ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული. ეს არის ჩემთვის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი. ვდარდობ, ვდარდობ იმიტომ, რომ მენანება ყველა ჩემი კოლეგა, რომელმაც ამაში შეიძლება ამაში მონაწილეობა მიიღოს იმიტომ, რომ ვიცი, რა რისხვა დაგვატყდება თავს საზოგადოების მხრიდან". – თქვა მელიამ მთავარ არხთან სატელეფონო ინტერვიუში. 

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება და შალვა პაპუაშვილის თქმით,  2019 წლის 19 – 21ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის მტკიცებით კი "ამნისტია შეეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც უკვე არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და რომელთა მიმართაც კონკრეტულად ვიცით მუხლი, რა მუხლით არის სისხლის სამართლის პასუხისგება. იმ ადამიანებს, ვინც არ არის დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, არ შეეხება. შესაბამისად, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, დაწყებული გახარიადან, გაგრძელებული ბევრი ადამიანით, არავის არ და ვერ შეეხება ეს კანონი, ამაზეც შევთანხმდით დღევანდელ დღეს".

მეორეს მხრივ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ქართულ ოცნებას სურს, ამნისტიამ დაფაროს დამატებით სამი სამართალდამცავი და ამის შესახებ მედიატორებმაც იციან. 

კომენტარები