ელექტროენერგია

2021 წელს ელექტროენერგიის იმპორტი 93%-ით გაიზარდა, რუსეთიდან – 153%-ით

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 93%-ითაა გაზრდილი, იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს რუსეთი. 

ესკოს ელექტრონული ბალანსის ანგარიშიდან ირკვევა, რომ საქართველომ რუსეთიდან 863 მილიონი კილოვატის ელექტროენერგია მიიღო, აქედან თითქმის 86% ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებაზე დაიხარჯა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან იმპორტი, დაახლოებით, 153%-ითაა გაზრდილი. 

პირველ კვარტალში საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის 41% იმპორტირებული იყო. იმპორტის მკვეთრი ზრდა ენგურჰესის სარეაბილიტაციოდ შეჩერებითაა გამოწვეული. იანვარში საქართველოს ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური, ენგურჰესი, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 თვით, მაისამდე დაიხურა.

2021 წელს იმპორტირებული ელექტროენერგიის საერთო მოცულობამ 1.43 მილიარდი კილოვატი საათი შეადგინა, აქედან 863 მილიონი რუსეთიდან, 463 მილიონი აზერბაიჯანიდან და 111 მილიონი კილოვატი საათი თურქეთიდან მივიღეთ. 

პირველ სამ თვეში ელექტროენერგიის მოხმარება 3.3%-ითაა გაზრდილი. გამომუშავება კი იანვარ-მარტში 21%-ით შემცირდა.

3.47 მილიარდი კილოვატი საათიდან თბილისზე 722 მილიონი, ხოლო საქართველოს რეგიონებზე 1.14 მილიარდი კილოვატი საათი ენერგია მოდის. 

ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროენერგიის მოხმარებამ კი 919 მილიონი კილოვატი საათი შეადგინა, რაც თბილისის მაჩვენებელს თითქმის 200 მილიონით აჭარბებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში მაღალი ელექტრომოხმარების ერთ-ერთი მთავარ მიზეზად კრიპტოვალუტის მაინინგი სახელდება. 

კომენტარები