ენგურჰესი

ენგურჰესი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 თვით ჩერდება

flickr.com

საქართველოში ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური ენგურჰესი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 თვით, პირველ მაისამდე დაიხურება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დაგეგმილია დაზიანებული სადერივაციო გვირაბის შეკეთება, რაც 8 მილიონი ევრომდე დაჯდება. პროექტის დასრულების შემდეგ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა, დაახლოებით, 100 მლნ კილოვატ-საათით უნდა გაიზარდოს. პროექტის სრული ღირებულება 45 მლნ ევროა.

ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ლევან მებონიას თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ძირითადად ბურღვასა და ცემენტაციას გულისხმობს იმ ადგილებზე, საიდანაც გვირაბიდან ყველაზე დიდი რაოდენობით წყალი ჟონავს.

"ამ სამუშაოების გარდა გათვალისწინებულია დაზიანებული ბეტონის მოსახვის მონგრევა და ახალი მოსახვის გაკეთება. ეს ძირითადად ეხება გვირაბის ფსკერს, ფსკერის 30-35% არის დაზიანებული და ჰესის გაჩერების პერიოდში ამის შეკეთებას ვაპირებთ. ის ადგილები, რომლებიც შეკეთდება და საიდანაც წყლის გამოჟონვა შეწყდება, მომავალში დიდი დაზიანებისა და გვირაბის ავარიული გაჩერების საფრთხეს აღარ შექმნის. შესაბამისად, ეს პრევენციაც არის".  – ამბობს მებონია.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, სამუშაოების შემდეგ უზრუნველყოფილი იქნება მეტი საიმედოობა, გამომუშავება და წყლის კარგვაც შემცირდება.

"სამუშაოებში ჩართულია ქართველი, გერმანელი და თურქი სპეციალისტები. სამუშაო წარიმართება 24 საათიან რეჟიმში, ანუ 2 ცვლა იქნება და ჯამში 24 საათი შეუწყვეტლივ იქნება მუშაობა, რათა დადგენილ, შეზღუდულ ვადებში დასრულდეს სამუშაოები და ენგურჰესი დროულად ამუშავდეს". – ამბობს ნათია თურნავა.

 

კომენტარები