პოლიტიკური კრიზისი

მინაშვილი: მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია მელიას უპირობო გათავისუფლება

აკაკი მინაშვილი 
for.ge

"სანამ არ მოხდება ნიკა მელიას გათავისუფლება, შემდგომი დისკუსიის სივრცე არ არსებობს". – ინტერპრესნიუსის ცნობით, განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი მინაშვილმა.  მისი თქმით, ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება გახსნის მოლაპარაკების დამატებით სივრცესა და რესურსს.

"პოზიცია ამ ეტაპზე არ შეცვლილა, ჩვენ გვაქვს წუხილები იმასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენჯერმე უკვე განვაცხადეთ. ერთი ის, რომ ბუნდოვანებაა ამნისტიის ნაწილში, სადაც ამნისტია გულისხმობს სამართალდამცველების და საჯარო მოხელეების მხრიდან ძალადობის გამოყენების ამნისტირებას და ამაზე პატიებას, რაც მიუღებელია ჩვენთვის. ასევე, ადგილობრივ არჩევნების შედეგზე ვადამდელის მიბმა და იმ რეფორმების ნაწილის გატარების ვადებს, რომელიც არის სასამართლო და საარჩევნო რეფორმაში.

მთავარი საკითხი - სანამ არ მოხდება ნიკა მელიას გათავისუფლება, სივრცე შემდგომი დისკუსიის არ არსებობს. თუ მოხდება უპირობოდ, გირაოს გარეშე ნიკას გათავისუფლება, ეს გახსნის დამატებით სივრცეს და რესურსს მოლაპარაკების.

იცით ჩვენი და ნიკა მელიას პოზიცია, გირაო, რომელზეც საუბრობს ოცნება, ეს არ არის გირაო, ეს არის პოლიტიკური გამოსასყიდი... პირველი ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია, რომ გადაიდგას იმისთვის, რომ მოლაპარაკების სივრცე გაიხსნას, ეს არის ნიკა მელიას გათავისუფლება". – თქვა მინაშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა, რომელზე ხელმოწერის მზადყოფნაც გამოთქვა ქართულმა ოცნებამ, ლელომ, სტრატეგია აღმაშენებელმა, გირჩმა, გირჩი – მეტი თავისუფლებამ და რესპუბლიკურმა პარტიამ. 

სხვა პარტიებს ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ, მათ შორის არც ენმ-ს, თუმცა, პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია და პარტიის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დოკუმენტის შინაარსს არ იზიარებენ.

შარლ მიშელის ახალ შეთავაზებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუ პარტიები დოკუმენტს ხელს მოაწერენ და პარლამენტში შევლენ, ხოლო აშშ-ევროკავშირი გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა, ის გიორგი რურუას შეიწყალებს.

კომენტარები