ივანიშვილის კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მისი სახელით სოციალურ ქსელში, კულტურის სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც თინათინ რუხაძე განმარტავს, გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო, მიზეზი კი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. მისი თქმით, დასჭირდება მკურნალობის "საგანგებო კურსის გავლა", რის გამოც ვერ შეძლებს "მინისტრის მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას".
"პრემიერმინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა.
ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დამჭირდება მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა, რის გამოც ვერ შევძლებ მინისტრის მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას. კულტურა არის სფერო, რომელიც განსაკუთრებულ ზრუნვასა და ყურადღებას მოითხოვს. ვწუხვარ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დავუთმო იმ საქმეს, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და ჩემთვის ყველაზე ძვირფასია.
მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის.
მადლობა მთავრობის თითოეულ წევრს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარს უჭერდა ჩვენს წამოწყებებს. განსაკუთრებული მადლობა კულტურის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისა და ერთგული სამსახურისთვის.
ვრჩები თქვენს გულშემატკივრად და გისურვებთ წარმატებებს!" - ნათქვამია განცხადებაში.
2024 წლის არჩევნებამდე კობახიძემ კულტურისა და სპორტის სამინისტროების გამიჯვნა დაანონსა. არჩევნების შემდეგ, 2024 წლის 27 ნოემბერს კომიტეტებმა მინისტრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს. კულტურის მინისტრის პოსტზე თინათინ რუხაძე დაინიშნა.




