პოლიტიკური კრიზისი

შავგულიძე: მიუხედავად ხარვეზებისა, მე ამ დოკუმენტს ხელს მოვაწერ

ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრის, შალვა შავგულიძის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ოპოზიციასა და ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს, ხარვეზების მიუხედავად, ის ხელს მაინც მოაწერს და მეათე მოწვევის პარლამენტში შევა. შავგულიძის თქმით, ის ისურვებდა დოკუმენტში გარკვეულ კორექტირებებს.

"მე ძალიან ვისურვებდი, რომ ეს კორექტირებები იყოს, მაგრამ თუ არ მოხდება, ასეთ შემთხვევაში, მე ამ დოკუმენტს ხელს მოვაწერ და შესაბამისად, შევალ პარლამენტში. მიმაჩნია, რომ კრიზისის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილის მიზანია ევროპულ და დასავლურ სტრუქტურებს დაუპირისპირდეს, ამის შესაძლებლობა მას ოპოზიციამ ჩვენდა უნებლიედ არ უნდა მივცეთ, ხელი არ უნდა შევუწყოთ ზოგადად პოლიტიკური სპექტრისა და დასავლურ სტრუქტურებთან დაპირისპირებას. მიუხედავად ამ ხარვეზებისა, მე ამ დოკუმენტს ხელს მოვაწერ, რადგან თუ ჩვენ დასავლეთთან შევალთ დაპირისპირებაში და ჩვენს დახმარებაზე ჩვენივე ნებით ხელს ავაღებინებთ, თვალის დახამხამებაში აღმოვჩნდებით რუსეთის პატრონაჟის ქვეშ, რისკენაც ისწრაფვის ივანიშვილი და ოცნება და ამაში მას ხელი არ უნდა შევუწყოთ". – თქვა შავგულიძემ ინტერპრესნიუსთან

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა. დოკუმენტი ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-სა და EU-ს ელჩებთან შეხვედრისას წარედგინა, რომელზეც ქართული ოცნების წარმომადგენლები არ მივიდნენ. 

ჯერჯერობით, ახალ დოკუმენტს ხელი გირჩის სამმა დეპუტატმა, იაგო ხვიაჩიამ, ალექსანდრე რაქვიაშვილმა და ვახტანგ მეგრელიშვილმა მოაწერა. "ხარვეზების მიუხედავად" დოკუმენტს ხელს აწერს სატრატეგია აღმაშენებელი და ლელო.  ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო ზურა ჯაფარიძემაც. 

ქართული ოცნება მზადყოფნას გამოთქვამს, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეთავაზებული დოკუმენტი, თუმცა, მმართველი პარტია არ დათანხმდება მასში რაიმე შინაარსობრივ დამატებას. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელის მოწერას არ აპირებს, რადგან "პოლიტპატიმრების გათავისუფლების პუნქტი ბუნდოვანია, ხოლო ვადამდელის საკითხის თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა – მიუღებელი".


საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

კომენტარები