ალექსეი ნავალნის საქმე

ექიმთა ალიანსი: ნავალნის მდგომარეობა კრიტიკულია, შეიძლება თირკმელებმა უმტყუნოს

ალექსეი ნავალნი
Reuters

პროფკავშირ ექიმთა ალიანსის თანახმად, იზრდება რისკი, ალექსეი ნავალნის თირკმელებმა უმტყუნოს. პოლიტიკოსს მხედველობის პრობლემებიც შეექმნა. უკვე ორ კვირაზე მეტია, ნავალნიმ შიმშილობს და კოლონიაში ექიმის დაშვებას ითხოვს.

"მისი მდგომარეობა ნამდვილად კრიტიკულია" - თქვა ექიმთა ალიანსის წარმომადგენელმა ალექსანდრა ზახაროვამ. ზახაროვას თქმით, ექიმთა ალიანსმა ნავალნის ადვოკატებისგან მიიღო პოლიტიკოსის ანალიზების შედეგები და ექიმებს პირადად არ გაუსინჯავთ ის.

"ჩვენ ვნახეთ მისი ანალიზების შედეგები და ისინი ძალიან, ძალიან ცუდია. მომატებული აქვს კალიუმის შემცველობა და სხვა ანალიზების შედეგებიც მიანიშნებს, რომ მალე შეიძლება თირკმელებმა უმტყუნოს. რამაც შეიძლება გამოიწვიოს მწვავე პათოლოგია და მოხდეს გულის შეტევა." - თქვა ალექანდრა ზახაროვამ.

ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა 31 მარტს დაიწყო. პოლიტიკოსი ითხოვს ზურგის ძლიერი ტკივილების და კიდურების დაბუჟების გამო შესაბამისი მკურნალობა მიიღოს და ექიმმა გასინჯოს. შიმშილობის შედეგად ალექსეი ნავალნიმ მნიშვნელოვნად დაიკლო წონაში. პოკროვის კოლონიის ადმინისტრაცია პოლიტიკოსს იძულებით კვებით ემუქრება.

გასულ კვირას ნავალნის ადვოკატი, ოლგა მიხაილოვა ამბობდა, რომ  მკურნალობა, რომელიც ალექსეი ნავალნის კოლონიაში დაუნიშნეს, "არაეფექტიანია და შეიძლება მდგომარეობის გართულება გამოიწვიოს". კოლონიის ექიმებმა ალექსეი ნავალნის შეატყობინეს, რომ მას მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიით (მრტ) ხერხემლის ორი თიაქარი გამოუვლინდა.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ჯგუფის, Amnesty International-ის თანახმად, რუსეთის მთავრობა, შესაძლოა, ნელა კლავს ნავალნის. ორგანიზაცია ამბობს, რომ რუსი ოპოზიციონერი ისეთ პირობებშია, რაც წამებას უდრის და ამან, შესაძლოა, მისი ნელა სიკვდილიც გამოიწვიოს.


ალექსეი ნავალნი რუსეთში გერმანიიდან 17 იანვარს დაბრუნდა, ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. გერმანიაში ის "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. 

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის მთავრობის მაღალი რანგის შვიდ წარმომადგენელს.

25 მარტს კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 რუს მაღალჩინოსანსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელს "რუსეთში ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევისთვის" სანქციები დაუწესა.

კომენტარები