ალექსეი ნავალნის საქმე

ადვოკატი: ნავალნისთვის დანიშნული მკურნალობა არაეფექტიანია, შეიძლება მდგომარეობა გააუარესოს

ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნის ადვოკატის, ოლგა მიხაილოვის თქმით,  მკურნალობა, რომელიც ალექსეი ნავალნის კოლონიაში დაუნიშნეს "არაეფექტიანია და შეიძლება მდგომარეობის გართულება გამოიწვიოს".

კოლონიის ექიმებმა ალექსეი ნავალნის შეატყობინეს, რომ მას მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიით (მრტ) ხერხემალზე ორი თიაქარი გამოუვლინდა.

"ჩვენ გავუგზავნეთ ადვოკატის მიმართვა, ავუხსენით დიაგნოზი, რომელიც ალექსეის უთხრეს, რომ მას ორი თიაქარი და პროთრუზია აქვს და ახლა გამწვავების პერიოდია. ეს აჩვენა მრტ-მ. ალექსეის მრტ არ მისცეს, არც სამედიცინო დასკვნა უჩვენებიათ, მაგრამ სიტყვიერად უთხრეს დიაგნოზი და ჩააწერინეს" - თქვა მიხაილოვამ.

მიხაილოვას ამბობს, ერთ-ერთი თიაქარი "საკმაოდ რთულად სამკურნალოა და ნევროლოგის თქმით, მკურნალობა, რომელიც ნავალნის კოლონიაში დაუნიშნეს "არაეფექტიანია და შეიძლება მდგომარეობის გართულება გამოიწვიოს".

მიხაილოვას აზრით, კოლონიის ადმინისტრაციას ეშინია, მაღალკვალიფიციური ექიმის ჩარევის, რადგანაც ნავალნის გასინჯვის შემდეგ "ცნობილი გახდება, რომ მათმა საზიზღარმა მკურნალობამ მისი ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია".

ადვოკატის ცნობით, ნავალნის კვლავაც სტკივა ზურგი და ფეხი და 5-6 აპრილს ჰქონდა მაღალი სიცხე.

"ყველაფერთან ერთად, ის კარგავს მგრძნობელობას ფეხებსა და ხელებშიც" - ამბობს მიხაილოვა

ნავალნის კიდევ ერთმა ადვოკატმა, ვადიმ კობზევმა დაადასტურა, რომ ნავალნი კოლონიის სამედიცინო ნაწილშია გადაყვანილი. კობზევი აღნიშნავს, რომ შიმშილობის გამო პოლიტიკოსი დღეში ერთ კილოგრამს იკლებს. ადვოკატი ამბობს, რომ ნავალნის დამოუკიდებლად სიარული შეუძლია, თუმცა სიარულისას ტკივილს განიცდის.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი პორკოვის კოლონიის სამედიცინო-სანიტარულ ნაწილში 5 აპრილს გადაიყვანეს. გამოცემა Известия წერდა, რომ პოლიტიკოსის სამედიცინო ნაწილში გადაყვანა დაკავშირებულია "რესპირატორული დაავადების ნიშნების გამოვლენასთან". მოგვიანებით მისმა ადვოკატმა თქვა, რომ ნავალნის კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მარტის ბოლოს გაუარესდა. ამის შესახებ მისი ადვოკატები ყვებოდნენ. ნავალნის დაეწყო ზურგის სერიოზული ტკივილები, დაუბუჟდა ფეხი და ამ ფეხზე დადგომა არ შეუძლია.

31 მარტს ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა დაიწყო. მისი მთავარი მოთხოვნაა კანონის აღსრულება და მასთან ექიმის დაშვება. ნავალნი ყვებოდა, რომ მას არ აქვს წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე და დაიჩივლა "უძილობით წამებაზე". კოლონიაში ნავალნი შეფასებულია, როგორც გაქცევის მაღალი რისკის მქონე პატიმარი, ნავალნის თანახმად, მას ყოველ ღამე კოლონიის თანამშრომლები აღვიძებენ და ნორმალურად ძილის საშუალებას არ აძლევენ.

ადამიანის უფლებათადაცვის საერთაშორისო ჯგუფში Amnesty International-ში თანახმად, რუსეთის მთავრობა, შესაძლოა, ნელა კლავს ნავალნის. ორგანიზაცია ამბობს, რომ რუსი ოპოზიციონერი ისეთ პირობებშია, რაც წამებას უდრის და ამან, შესაძლოა, ნელა მისი სიკვდილიც გამოიწვიოს.


ალექსეი ნავალნი რუსეთში გერმანიიდან 17 იანვარს დაბრუნდა, ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. გერმანიაში ის "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. 

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის მთავრობის მაღალი რანგის შვიდ წარმომადგენელს.

25 მარტს კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 რუს მაღალჩინოსანსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელს "რუსეთში ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევისთვის" სანქციები დაუწესა.

კომენტარები