თავდასხმა ფორმულას თანამშრომლებზე

ხოშტარია ფორმულაზე: ხელისუფლების სიძულვილის ენა ახალისებს მსგავს თავდასხმებს

დროა

პოლიტიკური მოძრაობა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ მსგავსი თავდასხმების მიზეზი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ სიძულვილის ენის გამოყენებაა.

"საგანგაშო და უკიდურესად სახიფათოა კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური ძალადობა. ტელეკომპანია ფორმულას მძღოლებზე სხვადასხვა ადგილას განხორციელებული თავდასხმა ვერ იქნება და არ არის რიგითი კონფლიქტი. ეს არის მიზანმიმართული იერიში კრიტიკულ აზრის დახშობის მიზნით. ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ სიძულვილის ენის გამოყენება და გამუდმებული თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე, ახალისებს მსგავს თავდასხმებს.

ჩვენ არ შევეგუებით განსხვავებული აზრის დევნას, კრიტიკული მედიის გაჩუმების მცდელობას და მათზე ძალადობას. სრული მხარდაჭერა ტელეკომპანია ფორმულას, მის ყველა თანამშრომელს და კრიტიკულ, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს", - ამბობს ხოშტარია.


ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, მათ თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს. 

ტელეკომპანიის ცნობით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომლის თქმითაც, თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ ფორმულას. კიდევ ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ მანქანაზე მინები, სავარაუდოდ, საქარე მინაზე ფორმულას საშვი ქონის გამო ჩაუმსხვრიეს. 

25 თებერვალს თავს დაესხნენ ფორმულას ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს. როგორც სანაია ჰყვება, თავდამსხმელებს მისი, როგორც ჟურნალისტის, მიმართ ჰქონდათ აგრესია, აგინებდნენ ტელევიზიებს. მისივე თქმით, დაზიანებები თავსა და სხეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს მიყენებული.  

კომენტარები