თავდასხმა ფორმულას თანამშრომლებზე

შსს: FORMULA-ს თანამშრომლის მანქანის დაზიანებაზე გამოძიება დაიწყო, ძალადობაზე არ უცნობებიათ

ფორმულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ გამარჯვებაში მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები, თუმცა ძალადობის ფაქტზე შესაბამისი სამსახურებისთვის არ უცნობებიათ. 

უწყების ცნობით, გამოიკითხა ავტომობილის მფლობელი, რომელმაც აღნიშნა, რომ არის ტელეკომპანია ფორმულას მძღოლი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

"რაც შეეხება მეორე ფაქტს, რაზეც ტელეკომპანია ფორმულა საუბრობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შემოსულა. ინფორმაციის მიღებისთანავე, უწყება მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას". – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, მათ თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.

მათი ინფორმაციით, თავდასხმა კრიტიკულ მედიაში მუშაობას უკავშირდება. ტელეკომპანიის ცნობით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომლის თქმითაც, თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ ფორმულას. კიდევ ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ მანქანაზე მინები, სავარაუდოდ, საქარე მინაზე ფორმულას საშვი ქონის გამო ჩაუმსხვრიეს. 

კომენტარები