კორონავირუსი საქართველოში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, 2 კვირაში მგზავრობა "ლოკალურად" შეიზღუდოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მომდევნო კვირის ბოლომდე "მაქსიმალურად შევეცდებით, ის ზომები რაც არის, დამატებითი შეზღუდვების გარეშე აღსრულდეს". ამის შემდეგ კი, მინისტრის მოადგილის თქმით, "ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე მოგვიწევს საუბარი, რამდენად საჭიროა ადგილობრივ დონეზე გარკვეული შეზღუდვები, თუნდაც ლოკალიზაციის მიზნით, რომელიმე დასახლებულ პუნქტში რომ მოხდეს გარკვეული ლოკალური შეზღუდვა მობილობის შეზღუდვის სახით". თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ "აქ მგზავრობის შეზღუდვაზე მაქვს საუბარი".

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა კვლავ შეიზღუდოს ტრანსპორტი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე პასუხობს - "დღეს ამის აუცილებლობა რომ დაუყოვნებლივ ეს გადაწყვეტილება დავაყენოთ, არ დგას, მაგრამ თუ გაუარესდა სურათი, შესაძლოა, მოგვიხდეს დავუბრუნდეთ იმ მექანიზმებს, რომლებიც აქამდე იყო".

კითხვაზე, გაუარესების მაჩვენებელი რამდენი პროცენტი იქნება, თამარ გაბუნია ამბობს, რომ 2%-ზე მეტი.

"2% არის ჩვენთვის ის მაჩვენებელი, რომელიც გვაძლევს შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას, უკვე როცა 2%-ს გადასცდა და ჩვენ 1,94% არის ბოლო ორი კვირის დადებითობის მაჩვენებელი დღევანდელი მდგომარეობით, ანუ უახლოვდება 2%-ს. 2%-ს როდესაც გადასცდება, 5%-ს ვერ დაველოდებით რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ 5% უკვე საგანგაშო მაჩვენებელია, ამდენად, 2%-ს როდესაც გადასცდება მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, მოგვიწევს ვიფიქროთ უფრო მეტად აქტიურ ღონისძიებებზე" - თქვა მან.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 897 შემთხვევა დადასტურდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი უკვე 3.65%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.94 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.32 %.

კომენტარები