პოლიტიკური კრიზისი

მელია: გამოსასყიდით იყიდე თავისუფლებაო, თან 20 ივნისი გავაყალბოთო

"გამოსასყიდით იყიდე თავისუფლებაო და თან ისე, რომ საქართველოს ისტორიის უკანასკნელი პერიოდის უმნიშვნელოვანესი თარიღი, 20 ივნისი გამაყალბებინეთო. გავაყალბოთ 20 ივნისიო..." – ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაკავებული ლიდერი, ნიკა მელია TV პირველთან ინტერვიუში. ნიკა მელია ევროკავშირის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხმაურება. 

"ანტისაოკუპაციო აქციის შინაარსი შევცვალოთო, 20 ივნისის თავისუფლების მოყვარე პატრიოტებს დამნაშავეები დავარქვათ და დამნაშავეებს, ივანიშვილის პირად მცველებს და ასე შემდეგ, პატრიოტები დავარქვათო. ანუ ისტორიამ ეს ამბავი ასე შემოინახოსო. თითქოს ოკუპანტი გავრილოვი მართალი იყო და ჩვენ მტყუანი.

ანუ რას ეუბნებიან, ფული გადაიხადეო, პარლამენტში შემოდი და 20 ივნისზე ამნისტიას მოაწერე ხელი. გამორიცხულია ეს. ჩემთვის გირაოს არგადახდაზე მეტად პრინციპულია, რომ ჩემი თავისუფლება არ გაიცვალოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღში და ისტორია ამით გაყალბდეს". – თქვა მელიამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. დანელსონის მიერ შეთავაზებულ შეთანმების დოკუმენტს ხელი არცერთმა მხარემ არ მოაწერა. დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე ამნისტიის გამოცხადებას ეხებოდა. პოლიტიკური ლიდერების ცნობით, სწორედ ამ პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდებოდა ნიკა მელიაც, რომლის წინააღმდეგ აღძრული საქმეც სწორედ "გავრილოვის ღამეს" უკავშირდება, თუმცა გირაოს გადახდის შემდეგ.

პუნქტში დაკონკრეტებული არ არის, ამნისტია მხოლოდ აქტივისტებს შეეხებოდათ, თუ იმ სამართალდამცველებსაც, რომლებმაც საპროტესტო აქციის დაშლისას ძალას გადაამეტეს.


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. 25 თებერვალს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს.

კომენტარები