აშშ

აშშ-ს კაპიტოლიუმის პოლიციელებს თავს დაესხნენ, შენობის ტერიტორია ჩაკეტეს

NBC News

აშშ-ში, კაპიტოლიუმის ჩრდილოეთით მყოფი ბარიკადების ტერიტორიაზე, მანქანა ორ პოლიციელს დაეჯახა. 

ამ შემთხვევის გამო კაპიტოლიუმის ტერიტორია და მისკენ მიმავალი გზები ჩაიკეტა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მათი ვერტმფრენიც დაეშვა.

BBC-ის ცნობით, ორი დაშავებული პოლიციელი და მანქანის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე BBC-ის გადმოცემით, გავრცელებულია ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ ეჯახება მანქანა კაპიტოლიუმის ბარიკადებს. 

დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

6 იანვარს ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპის მხარდამჭერების აშშ-ს კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ, შენობის უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია. 


2021 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ, 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. ამ ქმედების წახალისებაში ბრალი თავად ყოფილ პრეზიდენტს დასდეს, რის გამოც მოეწყო მისი იმპიჩმენტის პროცესი, უკვე მეორედ. დონალდ ტრამპი აშშ-ს ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. 
14 თებერვალს აშშ-ს სენატმა იმპიჩმენტის პროცესში ტრამპის მსჯავრდებას მხარი არ დაუჭირა.

კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემფასებელთა სპეციალური ჯგუფი კონგრესს ამ სამთავრობო შენობის თავდაცვითი სისტემის გაუმჯობესებას სთხოვს.

6 იანვარს აშშ-ს ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრის განსახილველად აშშ-ში სპეციალური ჯგუფი იყო შექმნილი. ჯგუფს ევალებოდა ამ დღის მოვლენების განხილვა, შეფასება და მომავალში მსგავსი საფრთხის თავიდან აცილების გზებზე ფიქრი.

სპეციალური ჯგუფი კონგრესს კაპიტოლიუმის პოლიციის გადამზადებისკენ, 233 სამუშაო ადგილის ვაკანსიის დროულად შევსებისკენ, დაფინანსების გაზრდისკენ და დამატებითი 350 პოლიციელის დაქირავებისკენ მოუწოდებს. საუბარია კაპიტოლიუმის სამთავრობო შენობის გარშემო თავდაცვითი სტრუქტურების აშენებაზეც და დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასაწყობი ღობის დამონტაჟებას, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში აღმართავენ. ასევე, სპეციალური ჯგუფი კონგრესს ურჩევს, ხშირად ჩაატარონ შენობის ევაკუაციის სიმულაციები და ტრეინინგები. ყურადღება ექცევა მთავრობის წარმომადგენლების კაპიტოლიუმის გარეთ დაცვასაც. 

სპეციალურ ჯგუფს სურს, რომ მსგავსი ვითარების გამეორების შემთხვევაში, კაპიტოლიუმის პოლიციამ უფრო სწრაფად და პროფესიონალურად იმოქმედოს. მათი შეფასებით პოლიციელები 6 იანვრის თავდასხმისთვის მზად არ იყვნენ და გამოცდილება არ ჰქონდათ.

კაპიტოლიუმის შენობა თავდასხმის საფრთხის გამო ამჟამად დროებით არის გამაგრებული.

 

კომენტარები